რეზიდენტ ჰილ სოპრა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნება 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
სასტუმროს განცხადებით, სასტუმროს თანამშრომლები საქართველოს ევროპულ კურსს მხარს უჭერენ და თუ საქართველოს მთავრობა ქვეყნის კონსტიტუციისა და მისი დემოკრატიული განვითარების პრინციპების დარღვევას გააგრძელებს, სასტუმრო დროებით ყველა გადასახადის გადახდას შეწყვეტს სახელმწიფოსთვის.
"*რეზიდენტ, ჰილ სოპრა სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბაკურიანში და აქტიურად ემზადება ახალი სეზონისთვის, ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების საკითხზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ კურსს და გვჯერა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია არის ჩვენი ეროვნული და დემოკრატიული სტაბილურობის გარანტი.
ჩვენი პრინციპული პოზიციის შესაბამისად, განვაცხადებთ შემდეგს:
1. გადასახადების გადახდის შეჩერება: თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ქვეყნის კონსტიტუციისა და მისი დემოკრატიული განვითარების პრინციპების დარღვევას, ჩვენი სასტუმრო დროებით შეწყვეტს ყველა გადასახადის გადახდას სახელმწიფოს მიმართ, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი რესურსების გამოყენება ხელისუფლებისთვის, რომელიც უგულებელყოფს ქვეყნის კონსტიტუციას", - წერია განცხადებაში.
რეზიდენტ ჰილ სოპრას განცხადების თანახმად, სასტუმრო დაიცავს თანამშრომლების უფლებებს. ასევე ისინი გადასახადებს გაანაწილებენ იმ ადამიანებზე, რომლებიც დაზარალდნენ მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებში.
2. თანამშრომლების უფლებების დაცვა: ჩვენი თანამშრომლების ანაზღაურება იქნება სრულად დაცული და გადახდილი, სახელმწიფოსგან დაუბეგრავად. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების უფლებები, მიუხედავად სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებებისა.
3. სოციალური პასუხისმგებლობა: თანხები, რომლებიც ჩვეულებრივ უნდა მიემართოს სახელმწიფო გადასახადებისთვის, ჩვენ გადავანაწილებთ იმ ადამიანებზე, რომლებიც დაზარალდნენ მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს რესურსები გამოიყენოთ იმ პირების დასახმარებლად, რომლებიც ხმას აიმაღლებენ საქართველოს კონსტიტუციისა და ევროპული ღირებულებების დაცვაზე. ჩვენი სასტუმრო აქტიურად დგას საზოგადოების გვერდით და ვცდილობთ, ჩვენი აქტივობებით ხელი შევუწყოთ ქვეყნის დემოკრატიული და სამართლებრივი პროცესების გამართვას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მომავალი იყოს მტკიცედ დაკავშირებული ევროპულ ოჯახთან", - წერია განცხადებაში.