საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში რუსულ კანონსა და ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, რუსულ კანონს და მის გარშემო შექმნილ პროცესებს "არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან" და პირიქით, დიდ შეზღუდვებს უქმნის მედიისა და საზოგადოების თავისუფლებას.
"რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სრულიად განსხვავებული რამ, რომელსაც საერთო არაფერი აქვს გამჭვირვალობასთან, არამედ იწვევს მარგინალიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას. ეს [კანონი] გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლებისთვის სერიოზული საფრთხეა", - თქვა მან.
ევროკავშირის ელჩმა სანქციებზე საუბრისას არ გამორიცხა, რომ რუსული კანონის არსებული ფორმით მიღებას "შედეგები მოჰყვება," თუმცა დაამატა, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება.
ინტერვიუში მან არაერთხელ აღნიშნა, რომ კანონის მიღება მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრააციის გზაზე.
"თუმცა ჩვენ აჩქარება გვმართებს. უნდა დავაჩქაროთ მუშაობა საჭირო რეფორმებზე და ცხადია, უნდა გადავჭრათ ამ კანონპროექტის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.