
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია, რომელსაც ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამბობს, რომ თანხის გადახდას არ აპირებს.
ნიკა გვარამიას თქმით, თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის საქმეზე წინასასამართლო პროცესი 20 ივნისს აქვს ჩანიშნული.
"მე 20 ივნისს მაქვს წინასასამართლო პროცესი წულუკიანის "კომისიის" საქმეზე, მაგრამ გირაოს გადახდა მიწევს ყველაზე გვიან (50 დღე მომცა სასამართლომ და არა 30)
ყოველგვარი შეკითხვების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ. არც იმათ მიმართ ვაპირებ საყვედურების გამოთქმას, ვინც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს: პირადი გადაწყვეტილების საკითხია", - წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.
17 აპრილს ნიკა გვარამიას სასამართლოზე აღკვეთი ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გირაო მას ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო შეეფარდა. ის პროკურატურაში 11 აპრილს დაიბარეს და ბრალდება წარუდგინეს.
დღეს, 14 მაისს ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაოს არ გადახდის გამო ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.
ერთპარტიული პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.