ჩემი დამოკიდებულება ვერანაირად ვერ იქნება დადებითი, რუსეთი არის მტერი - ასეთია საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლის პოზიცია რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. მაკა ჩიკვილაძე ხელისუფლებას ახსენებს, რა გაუკეთეს ოკუპანტებმა გიორგი ანწუხელიძეს; როგორ მოკლეს ქართველი ჯარისკაცი წამებით აგრესორებმა. რუსეთი არის მტერი და ასე იქნება ყოველთვის. ფრენების აღდგენა ჩემთვის მძიმეა - სწორედ ამ გზავნილებს იღებდა დღეს მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც რუსული სისასტიკე საკუთარ თავზე გამოცადეს. აცხადებენ, რომ პუტინი მარცხდება უკრაინაში თუმცა ამ ხელისუფლების ხელშეწყობით იმარჯვებს საქართველოში.