გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ტაში! ამხანაგებო, ტაში ოლიგარქიას!

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ტაში! ამხანაგებო, ტაში ოლიგარქიას!

ამ პარასკევს პარლამენტის წინ მდგარი სტუდენტი ლუკა გოგია მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ პატრულის ფორმაში გამოწყობილი რეჟიმის ძალოვნებს ტაშს უკრავდა.

ძალიან არ მინდა მათ ეს სახელი ვუწოდო, მაგრამ როცა პოლიცია მთლიანად იცლება სამართლისა და სამართლიანობისგან, მისი მოქმედება მარტო ძალას ეყრდნობა. ამიტომ "ძალოვანის" ძახილი მგონი ყველაზე რბილი ტერმინია, რასაც შეიძლება მათთვის ვიმეტებდეთ.

აი ამ ძალაზე, ანუ ხიშტებზე დიდხანს ჯდომა კი, ტალეირანის არ იყოს - დიდხანს შეუძლებელია.

ასეთ სისტემას ყოველთვის ჭირდება ბალიში - ამპუტირებული სინდისის არა, უფრო სახელისუფლებო საჯდომის ტკივილის შესამსუბუქებლად და აი აქ იწყება მისი მორჩილი, კმაყოფილი, თუმცა არააგრესიულ-მდუმარე კლიენტურის და აქტიურ პროტესტს მიღმა მყოფი საზოგადოების ნაწილის ჯოჯოხეთი.

მათი ლოიალობა, მდუმარება და რეალობის შეუმჩნევლობა და "არ მაინტერესებს პოლიტიკა..კისერი უტეხიათ..ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ" აღარ გამოდის. რეჟიმისთვის მათი სიჩუმე საკმარისი აღარაა. რეპრესიული სისტემის თითქოს უმნიშვნელო, თუმცა საზარელ ჭანჭიკებად გაფორმება და ამის საჯარო დეკლარირება აუცილებელ მოთხოვნად იქცევა.

ზუსტად ეს არის, რაც მოხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ბოლო სხდომაზე, როცა მისმა წევრებმა, არხის ჟურნალისტების და სხვა თანამშრომლების მიმართ გამოძიების, ანუ დევნისთვის, ფარცხალაძის რუსული "აგენტურული შარდით მონიშნულ“ პროკურატურას მიმართეს.

ახალ ფაზაში გადავედით, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა კულტურული დეფინიცია უკვე მოუძებნეს: გასულ კვირას, Freedom House-მა საქართველო "ელექტორალური დემოკრატიების" სიიდანაც ამოიღო, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ დემოკრატიასთან ეს სახელიც კი აღარ გვაკავშირებს.

ჩვენი, ჯერ კიდევ ცოცხალი მეხსიერებიდან გამომდინარე, ამ პერიოდს, გასული საუკუნის 30-იანი წლების დასმენების, იმდროინდელი ზუსტი ტერმინით "დანოსების" და რეპრესიების ხანა ეწოდება.

შევედით მორალური და პოლიტიკური დეგრადაციის იმ ფაზაში, როცა მხოლოდ მდუმარებაში ყოფნა და სიჩუმის შენარჩუნება რეჟიმის არგასაღიზიანებლად საკმარისი აღარ არის. შენ მის ტრა*ს, ბოდიში - საჯდომს "ხიშტებზე ჯდომის" ტკივილი უნდა შეუმსუბუქო, შენ მას ტაში უნდა დაუკრა. თან ისეთი ტაში, რომელსაც მიიღებენ და შეირგებენ.. თუ არა და ადგილსაც დაკარგავ და "არასათანადო ტაშისთვის" ლუკა გოგუასავით შეიძლება ციხეშიც ამოყო თავი..

ამიტომ ტაში ამხანაგებო! ტაში კი არადა.. ცეცხლი ოლიგარქიას!