რატომ არ ასვენებთ გამჩენი?! - კითხვა, თუ შეფასება, რომელიც დღეს ბიძინას მარიონეტის ბრიფინგის შემდეგ არამარტო ქართულ სოციალურ ქსელებში დომინირებდა..
ოცნებამ რუსული კანონის ხელახლა ინიცირება გადაწყვიტა, თუმცა, ნაცვლად ტერმინისა უცხოური გავლენის აგენტი ტექსტში გამოყენებულია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.
ერთი წლის წინ, ქართული საზოგადოების უმწვავესი პროტესტის ფონზე ოცნებას მისი უკან წაღება მოუწია, რაც ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც მმართველი პარტიის უმძიმეს მარცხად, საქართველოს მოსახლეობის დიდ გამარჯვებად და კანდიდატის სტატუსის მიღების ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად შეფასდა.
არსებობს პოლიტექნოლოგიური მეთოდი, რომელსაც დასწრებაზე თამაში ჰქვია და რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა არჩევნების კალენდარულ თარიღს, სხვებისთვის მოულოდნელად, ადრე გადმოწევს, რითაც ის სხვა პოლიტიკურ აქტორებს შოკურ მდგომარეობაში აგდებს, საკუთარ დღის წესრიგს ახვევს და მომზადებისა და მობილიზების რესურსს უზღუდავს.
ქვეყნის გეოპოლიტიკურ არჩევანთან უშნოდ და მავნებლურად ჯაჯგურის გარდა, ქართული ოცნება, ამ ნაბიჯით, სწორედ დასწრებაზე თამაშს ცდილობს. არა არჩევნების თარიღის პირდაპირი მნიშვნელობით გადმოტანას - არამედ მისთვის სრულიად არასასურველი განწყობების არჩევნებამდე გარდატეხას, ანუ თავისის ბოლომდე გატანას, ძალის დემონსტრირებას, მოგებულის პოზაში გადასვლას და იმედგაცრუების დანერგვას. ანუ არჩევნებამდე - არჩევნების მოგებას, ან შედეგთან შეგუებას. საყურადღებოა ის, რომ ბოლო დროს ოპოზიციურ ფლანგზე ორგანიზებული გამსხვილების აშკარა ტენდენცია შეინიშნება, ხოლო ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა მმართველ გუნდზე გაცილებით სოლიდურად და რაც მთავარია, საქმიანად გამოიყურება. ამ დინამიკის გაგრძელების შემთხვევაში და შედარებით ნორმალური, შეგვიძლია ვიხმაროთ სიტყვა - სტაბილური, ანუ რუტინული პოლიტიკური პროცესის პირობებში, ოქტომბრის არჩევნებში ოცნების დამარცხების პერსპექტივა საგრძნობლად იზრდება.
დიდი ალბათობით, სწორედ ეს უნდა იყოს ივანიშვილის უკიდურესად პროვოკაციული გადაწყვეტილების მიზეზი. აი, მიზანი კი ცხადზე უცხადესია: საარჩევნო ველის სრული პოლარიზება და კვლავ ორპოლუსიან სივრცედ ქცევა; ოპოზიციისთვის ფლანგებზე გაშლისა და სწორად სტრუქტურირების შესაძლებლობის წართმევა; პოლიტიკური დისკუსიისა და კრიტიკული მედიის დღის წესრიგში ადგილის მხოლოდ ერთადერთი საკითხისთვის: რუსული კანონისა და მის წინააღმდეგ აგორებული აგრესიული პროტესტისთვის დატოვება და ამომრჩევლის ახალი არჩევანის წინაშე დაყენება: - წესრიგი თუ არეულობა?! სადაც წესრიგს ქართული ოცნება, არეულობას კი ოპოზიცია განასახიერებს.
ოპოზიციამ მმართველ პარტიას ფაქტობრივად ხელიდან გამოგლიჯა უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და სოციალური თემები, რომლებთან მიმართებაშიც ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლისთავზე ოცნებას საზოგადოებისთვის შესავათავაზებელი აღარაფერი აქვს; ივანიშვილის გუნდი უკიდურესად წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა მოსამართლეების საკითზე, რადგან მურუსიძე-ჩინჩალაძის კორუმპირებულ კლანზე გადაფარება მოუწია, ხოლო ოცნების მთავარი საარჩევნო გზავნილი ლგბტ პროპაგანდის საფრთხეებთან მიმართებაში ფაქტობრივად ჩავარდა. რუსული კანონის შემობრუნება კი, დიდი ალბათობით, ოცნების მხრიდან პოლიტიკურ ველზე ძველი დღის წესრიგის დაბრუნების სასოწარკვეთილი მცდელობაა.
სავარაუდოდ, ივანიშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი საზოგადოების იმ მასშტაბით მობილიზებას ვერ მოახერხებს, როგორც გასული წლის მარტში, ხოლო ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან გზავნილები შესაძლოა, ისეთი მწვავე და ნათელი აღარ იყოს, რის ფონზეც, ის რუსული კანონის საბოლოოდ მიღებას და დამარცხებულის იარლიყის გამარჯვებულის იმიჯით შეცვალოს მოახერხებს. ამ ტალღაზე არჩევნების ფინიშის სწორთან მისვლა მისთვის მომგებიან პერსპექტივას ნიშნავს.
რა და როგორ მოხდება, ამის პროგნოზირება დღეს რთულია და მაინც, დიდწილად ქართული საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების რეაქციის სიმწვავეზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, ერთი რამ, რაც უკვე ცხადია, ისაა, რომ ეს ნაბიჯი არა ქართული ოცნების სიძლიერეზე, არამედ მის სისუსტესა და არჩეული სტრატეგიების ჩაფლავებაზე მიუთითებს.
ბოლოს, გავიმეოროთ დღეს ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა, "ამათ გამჩენი რატომ არ ასვენებს?!" რომელიც არცთუ რიტორიკულად მოგვეჩვენება, თუ შევთანხმდებით ამათი პოლიტიკური "გამჩენი" ვინაა, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ლოგიკას დაექვემდებარება. ვინ შეიძლება დაჟინებით ცდილობდეს ევროპის გზაზე მდგომი ქვეყნის რუსული კანონით უკან - პუტინის მოღობილ ტალახიან ეზოში შებრუნებას? ძალიან რთული კითხვაა? არა, მაგრამ, მადლობა ვუთხრათ ბატონ ბიძინას, რომ ამ მარტივ კითხვაზე პასუხისგან გამქცევ ზოგიერთ ჩვენს თანამემამულეს ამის საშუალებას არ აძლევს და კიდევ ერთხელ და ყველაზე გასაგები, გამომწვევად თავხედური და როყიო ფორმით შეახსენებს - ოცნების დროშის ქვეშ საქართველოს ევროპულ მომავალზე მეოცნებე ადამიანის ადგილი არ არის. აი, ყველა დანარჩენის ადგილი კი იქაა, სადაც საქართველოს უკვე აქვს კუთვნილი სტატუსი მონიშნული - ევროპაში! იქ, სადაც არამარტო ქართველი ფეხბურთელები, მთელი ერი მივდივართ და ამ სვლას ვერც ბიძინა და ვერც პუტინი ვეღარ შეაჩერებს.