
ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე ივანიშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ საქართველო არ უნდა აქტიურებდეს როგორც სახელმწიფო დიდი ამბიციებით, რომ ჩვენ ვართ "პატარა სოფელი", რომელიც უნდა იყოს რაც შეიძლება ჩუმად და არ წარმოადგენდეს ფაქტორს დიდ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში.
ეს იყო ერთგვარი კონტრპოლიტიკის ფორმულა, ალტერნატიული, სრულიად საწინააღმდეგო ხედვა საგარეო პოლიტიკისა, მთლიანად ქართული სახემწიფოს ფუნქციისა, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა იმისგან რაც ახასიათებდათ მის წინამორბედებს:
ივანიშვილის მმართველობის 13-წლიანი პერიოდის შედეგად, დღეს აღმოვჩნდით იმ წერტილში, როდესაც არამარტო ევროპის, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი და წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები მოგვმართავენ ერთობლივი გაფრთხილებით, რომ ივანიშვილმა უარი თქვას ავტორიტარული სისტემის ფორმირების, ფაქტობრივად იზოლაციონისტური დიქტატურის დამყარების მცდელობაზე და დავუბრუნდეთ დემოკრატიული განვითარების, ევროპასთან ინტეგრაციის გზას:
ამის საპასუხოდ ივანიშვილის მოლაპარაკე თავები აგრძელებენ შეურაცხმყოფელი ტონით დასავლეთთან დაპირისპირებას. უკეთეს ვერაფერს იფიქრებენ და შირაქის ველიდან, სადაც ახლა ხორბლის მოსავალს იღებენ, ძველი საბჭოური პროპაგანდის რეინკარნირებული მიზანსცენით, მუჭში ხორბლის თავთავებით და შემდეგ ოცნების პოლიტსაბჭოს წერილით მიმართავენ დასავლელ ლიდერებს, რომ მათ საკუთარ ქვეყნებს მიხედონ და საქართველოს თავი დაანებონ...
ივანიშვილი, თავისი ბანდიტური დაჯგუფებით, პირდაპირი გაგებით დგას ყანაში და ხრუშოვის დროინდელი რიტორიკით დემონსტრირებს - როგორ აქცია უძველესი კულტურის და ახალგაზრდა, მაგრამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეპუტაციის მქონე ქვეყანა "ყანად" და "პატარა სოფლად".
პოლიტიკური პროვინციალიზმის მიღმა, ცინიკურია, როცა ამას აკეთებს იმ ქვეყნის მთავრობა, რომლის დროსაც ყველაზე დიდი ზიანი თუ რამეს მიადგა, ეს სწორედ ქართული სოფელი და რეგიონების მოსახლეობაა... დაცლილი ქართული სოფლების და დემოგრაფიული კატასტროფის პირას მყოფი ქვეყნის მმართველი ელიტა ბედავს და ასე ექცევა ქართული სახელმწიფოს ნამდვილ მეგობრებს, ყველაზე ძლიერ, უსაფრთხო, დემოკრატიულ, კეთილდღეობით სავსე და ბედნიერი საზოგადოებებით დასახლებულ სახელმწიფოებს, მთავარია ამას უბედავს საკუთარ ერს, რომელთანაც მათლს არც კულტურულად, არც ღირებულებითად, არც ტრადიციით, აღარც რწმენით და არც პოლიტიკით აღარაფერი აკავშირებს.
ივანიშვილმა ქვეყნის განვითარების ამბიციისგან დაცლის, დესუვერენიზაციის და დისფუნქციურობის დაპირებები შეასრულა, მაგრამ "ყანად" ქცევა არცერთი ქართველის, ყველაზე ჩაკირული ქოცის ოცნებაც კი არ ყოფილა!