დღეს თავისუფალი სამყარო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს… ჟურნალისტები და მედიაში დასაქმებული სხვა ადამიანები, რომლებიც ხშირად არაერთი რისკის ფასად ეწევიან პროფესიულ საქმიანობას, უხილავი ფრონტის ჯარისკაცებად არიან მიჩნეული, რადგან სიმართლის სინათლეზე გამოტანით ბნელში მყოფ კაცობრიობის უხილავ მტერს ებრძვიან.
აი, ქართველი ჟურნალისტები, ანუ ჩვენ, არა უხილავი - ხილული ფრონტის ჯარისკაცები ვართ.
რატომ ხილული? იმიტომ, რომ ჩვენ ღია ომში ვართ - ჰიბრიდულ, საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ომში რუსეთთან. გამკლავება გვიწევს კრემლის ისეთ მზაკვრულ, კარგად დაგეგმილ და დაფინანსებულ იარაღთან, რასაც რუსული პროპაგანდა ჰქვია. თავს ნამდვილად არ ვადარებთ, მაგრამ გარკვეული გაგებით, ჩვენ ისეთივე ჯარისკაცები ვართ, როგორც უკრაინის ფრონტზე რუსეთის სამხედრო მანქანის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი მეომრები. იმ განსხვავებით, რომ იქ, რა თქმა უნდა, სიკვდილის რისკი შეუდარებლად მაღალია, თუმცა ფრონტის ხაზი მკაფიოდაა გავლებული, რომლის ერთ მხარეს ფაშისტური რუსეთია, მეორე მხარეს კი მთელი ცივილიზებული სამყარო. საქართველოში რუსეთთან ჰიბრიდულ, საინფორმაციო ომში კი ფრონტის ხაზი და მოწინააღმდეგე ასეთი ცხადი სულაც არ არის და ვინც ჩვენი უპირობო მოკავშირე უნდა იყოს, ანუ საქართველოს მთავრობა და ჩვენივე ბიუჯეტით დაფინანსებული ე.წ. სტრატკომები, სწორედ ისინი გვესვრიან ზურგიდან. ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტები: პარლამენტი თუ სუსი, რომლებიც ასეთი ტიპის აქტივობებს ყურადღებით უნდა აკვირდებოდნენ და კანონებით თუ მოქმედებით, მაქსიმალურად ანეიტრალებდნენ, ფიზიკური თავდასხმებით, უკანონო თვალთვალით, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვით, პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებებით და სასამართლო პროცესებით, პირიქით, ჩვენ გვებრძვიან, საქმიანობას გვირთულებენ, ზოგჯერ შეუძლებელსაც ხდიან, მედიის ზოგადად და კონკრეტული ჟურნალისტების დისკრედიტაციის კამპანიებს აწარმოებენ, რომ კრიტიკული მედიის ნათქვამ სიტყვასა და სიმართლეს ძალა დაუკარგონ.
დღეს მსოფლიოში ყველა ჟურნალისტი და მედიაში დასაქმებული ადამიანი იმსახურებს მილოცვას, თუმცა ქართველი ჟურნალისტები განსაკუთრებით: უკლებლივ ყველა, ციხეში გამოკეტილიც, მოძალადეების მიერ ნაცემ-ნაბეგვიც, კორუმპირებული და სანქცირებული სასამართლოს მიერ დაჯარიმებულიც, თუ ჯერ მხოლოდ მუდმივი და მძიმე სტრესის ქვეშ მომუშავე. და არა მარტო იმიტომ, რომ პროფესიულ მოვალეობას მართლაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად ვასრულებთ, არამედ იმიტომ, რომ ფრონტის წინა ხაზზე ვდგავართ, როგორც ხილული, თუ უხილავი ჯარისკაცები და ვიბრძვით რუსული დეზინფორმაციული მანქანისა და მისი ქართული ფილიალების წინააღმდეგ; ვიბრძვით თავისუფლებისთვის, რადგან საქართველოს დაცულობასა და კეთილდღეობას, ანუ ევროპულობას - დემოკრატიის გარეშე პერსპექტივა არ აქვს, დემოკრატია თავისუფალი მედიის გარეშე არ არსებობს. სიტყვის თავისუფლების დაცვით მარტო ჟურნალისტებს არ ვიცავთ, ჟურნალისტების მეშვეობით ვამაღლებთ თავისუფლებით მოტანილი კეთილდღეობის ხარისხს.