„რაჭველები ნელები ვართ ბოშო, ბნელები კი არა“ - ეწერათ საპროტესტო მსვლელობაზე რაჭველებს.
ახლა უკვე ის ეტაპია, როცა დამდგარი რეალობის შეფასება, ამ რეალობასთან მიმართებაში ადეკვატური ქცევა და არჩევანის გაკეთება ინტელექტის რეაგირების სფეროს აღარ წარმოადგენს და მხოლოდ სინდისის საგანია. სოციალური კაპიტალის დეფიციტი - ანუ ერთმანეთისადმი უნდობლობა და თვითორგანიზების უნარის სიმწირე - იმ ფაქტორების ჩამონათვალში იყო, რაც კულტურულად ევროპულ ერს პოლიტიკურად ევროპულ ერად ჩამოყალიბებაში ხელს გვიშლიდა.
დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ: საქართველოს ქალაქებსა და განსაკუთრებით თბილისის ქუჩებში ახალი რეალობა გაფორმდა: ქართველი ერი თანამედროვე ევროპულ პოლიტიკურ ერად ჩამოყალიბდა. შეძლო ზე-იდეის გარშემო გაერთიანება, დავიდა ყველაზე ძირეულ, თითოეული მოქალაქისათვის ახლობელ და მნიშვნელოვან, მიკუთვნებულობის მომნიჭებელ ერთობებზე და იქიდან ამოზარდა მძლავრი, უპრეცედენტოდ მდგრადი და მობილური ეროვნული ერთობის კონსტრუქცია, რომლის მოშლასაც ვეღარავინ შეძლებს. დიდმა და თვალსაჩინო საფრთხემ, ტრადიციული კულტურისა და ზოგადსაკაცობრიო ქცევის ნორმებიდან გასვლის ქოცურმა მასშტაბმა, უტიფრობის კობახიძე-პაპუაშვილისეულმა ჰორიზონტმა ძირეულად შეარყია ინტელექტისა და სინდისის მქონე ქართველის წარმოდგენა სინამდვილეზე და აღმოაჩინა, რომ რუსი, ივანიშვილისა და სხვა ეთნიკურად ქართველების ხელით ყველაზე მთავარის, ქართველობის და ქართული სახელმწიფოს წართმევას ცდილობს. ხორუმის ფერხულში ჩამდგარმა მრავალფეროვანმა საზოგადოებამ ეროვნული და ევროპული დროშების ფრიალით, რუსთაველის გამზირზე საბოლოოდ მონიშნა რუსთაველის საქართველოს ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანი.
საქართველო კულტურულადაც და პოლიტიკურადაც იყო, არის და იქნება ევროპა! გურულებმა კი ვთქვით „გათაებულია ამათი საქმეო" და მართლაც ასეა, თუმცა ჩვენი ქვეყანა და ჭკუიდან გადასული, ჯალათად ქცეული რუსული ოცნების ვირუსშეყრილი ქართველებიც ჩვენი საპატრონოა და მათ ნაცვლად სიფრთხილეც ჩვენ გვმართებს, ამიტომ კახელების მოწოდებას მივყვეთ: „დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ"!