"დაგრღნით!!!!" - ამ მუქარის ავტორს, მმართველი პარტიის ერთ-ერთ ხელმძღვანელს და პარლამენტის წევრს მოსწავლეთათვის განკუთვნილ უნივერსალურ ლექსიკონში მაინც რომ ჩაეხედა, ამ ზმნის მართლწერაში დაშვებულ შეცდომას აღმოფხვრიდა. ( სხვათა შორის, ესეც რთულად საწერწარმოსათქმელი და სასტიკად ჟღერადი ზმნაა - "აღმოგფხვრით." ნახეთ, აქაც 5 თანხმოვანია ერთმანეთზე მიწყობილი).
საერთოდ, მადლობა ეკუთვნის ბატონ დიტოს ქართული ენის ძალისა და შესაძლებლობების კიდევ ერთხელ შეხსენებისთვის. დიდია მისი ღვაწლი ქართული ოცნების მაღალი პოლიტიკური კულტურისა და მდიდარი ლექსიკური შესაძლებლობების წარმოჩენის საქმეში.
თუნდაც ეს ბოლო "დაგრღნით", ანუ დაგღრღნით რად ღირს..
რამდენი არ გვიფიქრია, რა ზმნა უფრო შეესაბამება, შეეფერება იმ მოქმედებას, როგორც ივანიშვილი და ქართული ოცნება ქართულ სახელმწიფოს ექცევიან. სამხარაძეს ლიტერატურული პრემია საბა თუ არა - იგორ გიორგაძის სახელობის გულწრფელობის და საქართველოს ერთგულების ორდენი ნამდვილად ეკუთვნის.
მხოლოდ დღევანდელ ამბებს რომ გადავხედოთ, მივხვდებით - რა ვნებას და გემოს ატანს ივანიშვილი და ოცნება სახელმწიფოებრიობის შემორჩენილი ნიშნების ღრღნის პროცესს:
ევროკომისიის დასკვნამდე რამდენიმე კვირით ადრე ფორსირებულად იღებს კანონებს, რომლებიც ისედაც შეზღუდულ პროტესტის და გამოხატვის უფლებას, სრულ ფორმალობად აქცევს;
აბსურდის თეატრს ამსგავსებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს. როგორც მინიმუმ, დასავლეთის თვალში ჩანს, რომ საქართველოს პრეზიდენტს ევროინტეგრაციის აქტიური ლობირებისთვის სჯიან;
დაკითხვებზე იბარებენ და, ფაქტობრივად, ქვეყნიდან აძევებენ ავტორიტარულ რეჟიმებთან ბრძოლის გამოცდილების შესახებ საჯარო ლექციების მონაწილეებს, ამ პროცესს დასავლეთიდან მართულ სახელმწიფო გადატრიალებას არქმევენ და ეს ხდება იმ ფონზე, როცა რუსეთის სპეცსამსახურების დეკლარირებული წარმომადგენლის, ფარცხალაძის მიმართ საჯარო სიმპათიის გამოხატვას და სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის აქამდე შედარებით "დაუღრღნელი" ეროვნული ბანკის რეპუტაციას ანადგურებენ.
ნატოს სტანდარტებთან თავსებადი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული სამხედრო ინფრასტრუქტურული ერთეულის - ვაზიანის ბაზის გაუქმებისკენ ნაბიჯებს დგამენ და თვალებში ნაცრის შემყრელ მინისტრს პარლამენტში ოვაციას უმართავენ.
სახელმწიფო პოლიტიკის რანგში მედიის რეპრესიის აყვანას სასამართლო ბეჭედს ადებენ და მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელს მინიმალურ სასჯელს აძლევენ. თურმე, თავდამსხმელი მარტო წარმოადგენდა ტელეწამყვანზე აღშფოთებული საზოგადოების რისხვას. თითქოს მოსამართლე ჭურშია და არაფერი სმენია ჩვენი გამოძიების შესახებ, რომელმაც სრული სურათი დადო ორგანიზებული თავდასხმის მასშტაბსა და სუს-ის პირდაპირ ჩართულობაზე;
ახალგაზრდა უფლებადამცველ ქალს საცხოვრებელი ბინის კარზე ეთნიკური და რელიგიური შეუწყნარებლობისა და მუქარის შემცველ ნიშნებს უტოვებენ, რუსეთის დროშას უხატავენ, მანამდე, სახელმწიფო მოხელეები საჯაროდ აყენებენ შეურაცხყოფას და აიძულებენ, ერთხელ უკვე გამოცვლილი საცხოვრებელი ადგილი ისევ შეიცვალოს ან... ან ქვეყნიდან საერთოდ წავიდეს...
და ეს ყველაფერი - მხოლოდ ერთ დღეში.. ეს ხალხი გვეუბნება, რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ მიჰყავთ.. რომ ამ გზაზე ვინც გადაეღობებათ, ყველას "დაგვრღვნიან..."
მოკლედ, შეგვიძლია ქართველებმა ვიამაყოთ იმით, რომ უმდიდრესი ენა გვაქვს და მათ შორის ისეთი რთული ზმნები, სადაც ზოგიერთ პირში 6 თანხმოვანი ერთად გვხვდება, შეგვიძლია, ქართული ოცნების ხელმძღვანელობას მართლწერა გავუსწოროთ და ვიქილიკოთ, რომ "დაგრღნით!!!!" კი არა, "დაგღრღნით" არის სწორი.. მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე, ხელში გვრჩება ბიძინას, ოთარის და დიტოს მიერ დაღრღნილი მრავალსაუკუნოვანი ქართული სახელმწიფოებრიობა, რომელიც თუ მღრღნელებს ხელში შერჩათ, მალე დასაღრღნელიც აღარაფერი დარჩება!..