გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ბიძინას აზიმუტი

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ბიძინას აზიმუტი

აზიმუტი არაბული სიტყვაა და მიმართულებას ნიშნავს, ანუ კუთხეს, რომელიც იქმნება ჩრდილოეთის მიმართულებას, დამკვირვებელსა და დასაკვირვებელ საგანს შორის, და რომელსაც საათის ისრის მიმართულებით, 0-დან 360°-მდე ითვლიან. დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში ჩრდილოეთი მიმართულება მოსკოვია; დასაკვირვებელი საგანი - ჩვენი ქვეყანა, აი, დამკვირვებელი კი - ივანიშვილი. კითხვა კი ასე ისმის: რამდენი პროცენტით არის ბიძინას აზიმუტი ჩრდილოეთისკენ მიმართული და როგორ იცვლება მისი ტრაექტორია?

ამ კითხვაზე პასუხს ნათელს ხდის ის ფაქტი, თუ რატომ არ არის ავიაკომპანია აზიმუტი დღემდე დასავლური სანქციების ქვეშ, როდესაც ასობით რუსული ავიაკომპანია დასანქცირებულია. იმიტომ, რომ აზიმუტი ძირითადად რუსეთის შიდა ფრენებს რუსული წარმოების თვითმფრინავებით ასრულებს. ჰოდა, როდესაც რუსეთის შიდა გადამყვანი საქართველოში იწყებს ფრენას, ამას სიმბოლური დატვირთვის გარდა ის მნიშვნელობაც აქვს, რომ პირდაპირ გვეუბნება ბიძინას აზიმუტი საითკენ და რამდენი პროცენტითაა მიმართული.

ამ კითხვაზე უფრო დასაბუთებული პასუხი გაგვცა ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ გუშინდელი განცხადებით: ევროგაერთიანების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან საქართველოს შესაბამისობამ გასული წლის ისედაც დაბალი 44%-იანი მაჩვენებლიდან 31%-მდე დაიკლო. რაც ცხადად მიანიშნებს, რომ ოცნების ხელისუფლების ნაბიჯებით, რომელთაც ბრიუსელი კონკრეტული კრიტერიუმებით ზომავს, ჩვენ სწრაფად ვშორდებით სასურველ ევროკავშირს. ევროპულ პოლიტიკასთან თავსებადობის მრუდი კი, რომელიც დიდი სისწრაფით ეშვება ქვევით, სულაც არ არის გამორიცხული, რომ სულ მალე ნულს მიუახლოვდეს, რაც სულ უფრო გააძნელებს წლის ბოლოს კანდიდატის სტატუტის მიღებას.

ევროპათმცოდნეობის სადოქტორო ხარისხი არ ჭირდება იმის მიხვედრას, რომ დღეს, როდესაც ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს გაგვიღოს თუ არა კარი, შენ რუსეთს ცა არ უნდა გაუხსნა; მთვრალი კაცივით ევროპის სიდიდით მეორე პარტიას არ უნდა აუხირდე და რაც მთავარია, ევროკავშირისა და ცივილიზებული დასავლეთის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოხვიდე. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ივანიშვილის და ქართული ოცნების ქცევას ლოგიკური ახსნა არ აქვს. თუმცა, თუ ამ ქვეყნის მმართველის მთავარ ინტერესებსა და საფრთხეებს ბოლომდე გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ მისი ნაბიჯები და ტაქტიკური გადაწყვეტილებები კონკრეტულ და საკმაოდ მწყობრ ლოგიკას ექვემდებარება.

ბიძინას დღეს ყველაზე მეტად 2 რამის ეშინია: პუტინის და დასავლური სანქციების. პირველი მყისიერია და პირდაპირ მის ფიზიკურ უსაფრთხოებას უკავშირდება. ხოლო მეორე, შედარებით განგრძობადი, მის ფინანსურ სტაბილურობას, რომლის გარეშეც მილიარდერს ქვეყნის შიგნით ძალაუფლების, მმართველობითი ვერტიკალისა და ავტორიტარული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება გაუჭირდება.

ორივე საფრთხის განეიტრალებას ის მოკლევადიან ჭრილში უყურებს. საუბარია მხოლოდ რამდენიმეწლიან მონაკვეთზე, რაც, ბუნებრივია, კავშირშია, ერთი მხრივ, უკრაინის ომის, მეორე მხრივ კი, 2024 წლის არჩევნების შედეგებთან. ამიტომ რა მოხდება შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში და ჩამორჩება თუ არა საქართველო ევროკავშირის მატარებელს, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. თუ ბრიუსელი ოცნების ხელისუფლების ანტიდასავლური ნაბიჯების მიუხედავად მოგვცემს კანდიდატის სტატუსს, რისი სიგნალებიც ნაწილობრივ მოდის კიდეც ევროკავშირიდან, მაშინ მილიარდერი ამ გამარჯვების საკუთარ დამსახურებად გამოცხადებას და მის საარჩევნოდ გამოყენებას შეეცდება. ხოლო თუ ასეთი სტატუსი არ იქნება, ამისთვისაც მზადაა და უკვე აწყობილი აქვს სახელისუფლებო პროპაგანდა, თუ როგორ გადააბრალოს მარცხი ოპოზიციას და ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც სტატუსის სანაცვლოდ ქვეყნის თითქოსდა ომში ჩართვას და ტრადიციების დათმობას ითხოვენ. დღეს მას ნაკლებად ადარდებს ევროკავშირის ქვეყნების, თუ ევროპელი პოლიტიკოსების უმრავლესობის მისდამი განწყობა. მთავარი საფრთხეები, რომლებიც პირველ რიგში პუტინთან და შემდეგ უკვე დასავლურ სანქციებთან მიმართებაში მდგომარეობს, მისი აზრით, ერთი მარტივი სვლით გვარდება: არაფერში შეეწინააღმდეგოს მოსკოვს და ჰყავდეს რუსეთის პრეზიდენტისთვის მისაღები მოკავშირე ევროპულ საბჭოში, სადაც გადაწყვეტილება კონსენსუსით, ანუ ყველას თანხმობით მიიღება. ამგვარად, ევროკავშირის სანქციებს საჭიროების შემთხვევაში ის უნგრეთის პრეზიდენტის საშუალებით დაბლოკავს, საქართველოს პრემიერის ევროპული პოლიტიკისთვის კეთროვანი ორბანის უმცროს ძმად გამოცხადებით კი - პუტინს ასიამოვნებს.

სანქციების ნაწილში, ეს სქემა თითქოს ამ ეტაპზე კარგად მუშაობს, თუმცა მას აქვს სერიოზული ხარვეზიც. ეს სუსტი რგოლი, არც მეტი არც ნაკლები, ამერიკის შეერთებული შტატებია, რომლის გადაწყვეტილებებზე ვერც ბრიუსელი და მითუმეტეს ვერც მოსკოვი ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ ჰყავს ივანიშვილის ხელისუფლებას ვაშინგტონი ნომერ პირველ მტრად და სამიზნედ გამოცხადებული, ანტი-ამერიკული პროპაგანდა კი ქვეყანაში ისტორიულ მაქსიმუმზე აყვანილი. იმასაც კარგად იაზრებს მილიარდერი, რომ დღეს რთულია ამერიკის ყურადღების საქართველოზე მოპყრობა, რადგან ის მთლიანად უკრაინისკენაა მიმართული, და კიდევ უფრო რთულია ვაშინგტონის მხრიდან მის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების დროის მოკლე პერიოდში გადადგმა. ამიტომ მას არსად ეჩქარება და თუ ამასობაში უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, ეს მისთვის პუტინის საფრთხის განეიტრალება იქნება, რის შემდეგაც საკმარისი დრო და რესურსი რჩება იმისთვის, რომ ამერიკული სანქციებისგან თავის დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში, კურსი კვლავ დასავლეთისკენ შეატრიალოს.

წლევანდელი და მომავალი წლები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი და ურთულესი იქნება. თუ შანსი ვერ გამოვიყენეთ და ევროკავშირმა ფანჯარა დაგვიხურა, ეს დიდი ხნით წართმეულ შესაძლებლობას და ქვეყნის ორიენტაციის გარდაუვალ ცვლას ნიშნავს. ხოლო თუ ივანიშვილმა ამ ვითარებაში 2024 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლება კიდევ ერთხელ გაიფორმა, საქართველო ყოველგვარი დემოკრატიული, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსისგან დაიცლება, რაც ქვეყნის მომავლისთვის კატასტროფის ტოლფასია. სწორედ ამიტომ, პოლიტიკოსებმაც და არაპოლიტიკოსებმაც, ყველამ ვისთვისაც ამ ქვეყნის მომავალი სულერთი არ არის, დღესვე უნდა დაიწყონ ფიქრი და რაც მთავარია, მოქმედება ივანიშვილის ამ სქემის გასანეიტრალებლად და ვაშინგტონის მხრიდან იმ ნაბიჯების დასაჩქარებლად, რომელთაც ამ თამაშში, რომელიც ჩვენთვის უკვე თამაში დიდი ხანია აღარ არის, ქართველ ხალხთან ერთად გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია.