მუსიკოსი გიორგი გიგაშვილი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ კონსერვატორიაში არჩევნების გაუქმებას Facebook-ზე პოსტით ეხმაურება და მოქალაქეებს მოუწოდებს, ხვალ, 11:00 საათზე კონსერვატორიასთან შეიკრიბონ.
"ხვალ, 11:00-დან კონსერვატორიასთან. (გრიბოედოვის 8-10) ყველას, ვისაც კონსერვატორიის, საკუთარი და ქვეყნის დამოუკიდებლობა ადარდებს, წუხს და გაბრაზებულია.
დაარქვით გინდა აქცია, გინდა ნაცები გვეძახეთ და გინდა გაყიდულები. არაფერი არ მაინტერესებს. და ყველას გეხებათ ეს, ყველა მოდით. ერთად ვიდგეთ. გთხოვთ", - წერს გიორგი გიგაშვილი.
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არჩევნები გაუქმდა. ინფორმაციას კონსერვატორია სოციალურ ქსელში ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამავე ბრძანების დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა.
20 სექტემბერს მინისტრის საათზე კულტურის მინისტრი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში "რეფორმით" დაიმუქრა. როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას თქვა, ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი "ხარვეზია" და არ დამალა, რომ ცვლილებებს გეგმავს.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას რექტორი ნანა შარიქაძეა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წელს 4 წლის ვადით აირჩიეს. შარიქაძე ერთ-ერთია, ვინც რამდენიმე თვის წინ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა.