პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს "ყველგან უშვებდა", მაგრამ მერე ნდობა დაიკარგა.
მისი თქმით, ევროპელ ლიდერებს იმპიჩმენტის შესახებ მოუყვა და, მისივე მტკიცებით, "მათ ეს გაიგეს", მაგრამ თქვეს, რომ რაც ხდება, "ეს არ არის ლამაზი".
"როცა პრეზიდენტი განგებ, მიზანმიმართულად არღვევს კონსტიტუციას, მან ეს რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ხელისუფლებას მოუწევდა რეაგირება. ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ სამართლებრივი შეფასება მიგვეცა მისი ამ ქმედებისთვის, მისი ამ პირდაპირი დემონსტრაციული ქმედებისთვის. მე ეს ავუხსენი ჩვენს ევროპელ კოლეგებს. რა თქმა უნდა, მათ ეს ესმით, ეს სუფთა სამართლებრივი საკითხი ესმით, მაგრამ ასევე გვეუბნებიან, რომ ეს არ არის ლამაზი.
იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს მხარი დაეჭირა მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის, ღიად, დეკლარირებულად გამოეცხადა მხარდაჭერა იმ პროცესისთვის, რომელიც ჩვენ დავიწყეთ შარშან, პარლამენტმა რომ დაიწყო პარლამენტში, უნდა ეთქვა, რომ თუ რაიმეში დაგვჭირდებოდა მისი დახმარება, იგი მზად იქნებოდა. ეს უნდა ყოფილიყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის პოზიცია. ჩვენ ნაცვლად ამისა ვნახეთ ოპოზიციის დონეზე დასული პრეზიდენტი.
მე ეს გულწრფელად ავუხსენი ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს. ყველას ესმის ეს აბსოლუტურად სამართლებრივი მდგომარეობა და ვუთხარი, რომ ეს არის ფორმალური, იურიდიული, თუმცა მნიშვნელოვანი პროცესი, რომ გამოჩნდეს კანონის უზენაესობა, კონსტიტუციის უზენაესობა, რომ ქვეყანაში არავინ არ დგას კანონზე მაღლა - არც პრეზიდენტი, არც პრემიერმინისტრი, არც პარლამენტი და არც არავინ.
მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გააცნობიერებს იმას, რომ ქვეყანას გაცილებით მეტი მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი. თუკი იგი მხარს დაგვიჭერს ჩვენ და გახდება ჩვენი მხარდამჭერი ამ პროცესში, მე მხოლოდ მადლიერებით მივესალმები მის ამ ძალისხმევას, მაგრამ, ისე, როგორც ხდებოდა შარშან, მაგალითად, შარშან, მე შეგახსენებთ, რომ სტატუსის მინიჭებამდეც, როცა იყო მომართვები პრეზიდენტისგან, მე მას ვუშვებდი ყველგან, ჩვენ, მთავრობა ვუგზავნიდით თანხმობის წერილებს. რატომაც არა, თუ კიდევ ერთით მეტი ხმა იქნებოდა ევროპაში, რომელიც ჩვენს სათქმელს იტყოდა, რატომაც არა, ეს მისასალმებელია, მაგრამ მან სამწუხაროდ, რადიკალურად შეცვალა ეს ორიენტირები და მთელი მისი მესიჯბოქსი და ნდობა დაიკარგა. ჩვენ ბუნებრივია, ოპოზიციონერს, ჩვენი მანდატით და ჩვენი უფლებამოსილების ქვეშ ვერ გავუშვებდით ევროპაში", - თქვა ღარიბაშვილმა.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.
კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.