ღარიბაშვილი: შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა, იესო ამბობს - ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი

ძვირფასო მეგობრებო, მოგეხსენებათ, ჩვენ გადავიტანეთ მძიმე ომი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში, ჩვენმა ქვეყანამ ამ ომში დიდი ადამიანური მსხვერპლი გაიღო. ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ქართველებმა კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. ქართველები მცირე, მაგრამ ძლიერი, თავისუფლების მოყვარე ერია, როდესაც საჭიროა, თავდადებით ვიბრძვით თავისუფლებისთვის, საკუთარი ოჯახებისა და სამშობლოს დასაცავად... ვიცით, თუ რა მოაქვს ომს, ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის. იესო ქრისტე ამბობს სახარებაში: "ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან". ამ ურთულეს დროში, მიუხედავად არაერთი პროვოკაციისა და დესტაბილიზაციის მცდელობისა, ჩვენ შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენციაში სიტყვით გამოსვლის დროს. ღარიბაშვილის გამოსვლა პროპაგანდისტულ და ჰომოფობიურ გზავნილებს შეიცავდა.