ღარიბაშვილი: ბრძენი, ავტორიტეტული ილია II-ის პოსტულატებშია - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი

რა გვაძლევს ძალას ერთიანობისთვის? უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის ტრადიციული, უზენაესი, მარადიული, უნივერსალური ფასეულობები, რომელიც განსაზღვრავს მთელ ჩვენს ისტორიას და კულტურას, ჩვენს ყოველდღიურობას. ეს ფასეულობები მარტივად გამოითქმის - ეს არის რწმენა, თავისუფლება, მშვიდობა, ღირსება, სიმართლე, თანასწორობა, ოჯახის სიწმინდე, მშობლების, წინაპრების, ტრადიციების პატივისცემა, სამშობლოსა და ადამიანების სიყვარული, უკეთესი მომავლის იმედი. ყველაფერი, რაც შეიძლება შევაჯამოთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის, ბრძენი და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის მიერ შემოთავაზებულ პოსტულატებში - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.

საქართველოს მთელი ისტორია სწორედ ამ ფასეულობებს ეფუძნება. არსებითად ეს ფასეულობები ერთ წიგნში, სახარებაშია თავმოყრილი. ალბათ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა. დაახლოებით იმავე დროს, მე - 4 საუკუნის მეორე ნახევარში, ქართულად ითარგმნა სახარება, თუმცა ქრისტიანობის ქადაგება ჩვენთან გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ ქრისტეს პირველმა მოციქულებმა დაიწყეს. დიახ, 2 000 წელია მთელ ჩვენს ისტორიასა და კულტურას სწორედ სახარების ფასეულობები განსაზღვრავს.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენციაში სიტყვით გამოსვლის დროს.

ღარიბაშვილის გამოსვლა პროპაგანდისტულ და ჰომოფობიურ გზავნილებს შეიცავდა.