პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის ტრიბუნიდან ამტკიცებს, რომ მარტის აქციების დროს ევროპარლამენტარების ნაწილი აქციის მონაწილეებს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდნენ.
ღარიბაშვილის თქმით, "საქართველოს მტრებმა წააგეს".
"მე შეგახსენებთ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის ე.წ. წამახალისებელ განცხადებებს, მაშინ, როცა ძალადობრივი ჯგუფები თავს ესხმოდნენ პოლიციას, ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს და ა.შ, ჩვენ გვესმოდა მოწოდებები პირდაპირ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, რომ ახლა არის დრო ამ რეჟიმის დამხობის, შეცვლის და ა.შ. ეს გეგმა, რა თქმა უნდა, ჩავარდა და ისევ წააგეს ჩვენი ქვეყნის მტრებმა", - თქვა ღარიბაშვილმა.
მარტის აქციებს ეხმაურებოდნენ ევროპარლამენტის წევრები, რომლებიც მხარს უჭერდნენ აქციის მონაწილეებს. არც ერთ ევროპარლამენტარს არ უთქვამს, რომ "რეჟიმი უნდა დაემხოს".