გერმანიის ელჩი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს საქართველო საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე

გერმანიის ელჩი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს საქართველო საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე

გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს საქართველო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე.

"იმიტომ, რომ გასული წლის ივნისში ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ შეეჩერებინა საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის კონტაქტები, სანამ ის არსებულ კრიზისს არ მოაგვარებს", - თქვა ელჩმა.

მისი თქმით, საქართველო ევროპაა და ის ევროკავშირს უნდა შეუერთდეს. ელჩის განცხადებით, "ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის".

ფიშერის განცხადებით, ქვეყანა სწორ გზაზს უნდა დაუბრუნდეს და ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული.

"და რა არის საქართველო? საქართველო არის ქართველი ხალხი და ევროკავშირში გაწევრიანებისას არა მხოლოდ მთავრობა, პარლამენტი, ბიზნეს სექტორი, არამედ ყველა წევრიანდება. ასე რომ, გასაწევრიანებლად საჭიროა დიდი ეროვნული ძალისხმევა. ჩვენ შემოგთავაზეთ კანდიდატობა, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია", - თქვა ელჩმა.

ვარშავაში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომა გაიმართა, საქართველოს გარდა გაერთიანების წევრობის ყველა კანდიდატი სახელმწიფო მიიწვიეს.

ფორმულას კითხვაზე, თუ რატომ არ იყო საქართველო აღნიშნულ სხდომაზე მიწვეული, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია ქართული ოცნების ხელისუფლების ნაბიჯით, შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი.