გერმანია უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
"მაშინაც კი, თუ ვითარება მთელ მსოფლიოში გაუარესდება, ჩვენ არ შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას. მოხარული ვარ, რომ ასე სწრაფად შევძელით უკრაინისთვის IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება", - ამბობს პისტორიუსი.
გერმანია უკრაინას ასევე გადასცემს რაკეტებს, ჯავშანტრანსპორტიორს, დრონებსა და საბრძოლო მასალებს.
გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, გერმანიამ უკრაინას 5,4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია. მანამდე, ქვეყანამ უკვე გადასცა უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელშიც Gepard-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები და დრონები შედის.