ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მისმა ძალებმა ქალაქ ღაზის სიღრმეებს მიაღწიეს, სადაც ტარორისტული დაჯგუფება ჰამასის ლიდერი ბუნკერშია გამოკეტილი.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის მებრძოლები "ქალაქ ღაზის გულში არიან და მარყუჟს ჰამასის გარშემო თანდათან ავიწროებენ."
"ქვეით, ჯავშანტექნიკითა და ტანკებით შეიარაღებულ ჯარისკაცებს ერთი სამიზნე აქვთ - ჰამასის ტერორისტები ღაზაში, მათი ინფრასტრუქტურა, მათი მეთაურები, ბუნკერები და საკომუნიკაციო ოთახები. ჰამასის ლიდერი ღაზაში, იაჰიუა სინვარი გამოკეტილია თავის ბუნკერში. ეს სწორედ ის ადამიანია, ვინც ერთი თვის წინ ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე, ქალებსა და ბავშვებზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა გალანტმა პრესკონფერენციაზე.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ღაზის სექტორში, სკოლებისა და საავადმყოფოების ქვეშ კილომეტრობით სიგრძის გვირაბები გადიოდა, რომლებიც იარაღის საწყობებად და საკომუნიკაციო ოთახებად გამოიყენებოდა და მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენდა ტერორისტებისთვის.
გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელის ძირითადი მიზანიც სწორედ ამ გვირაბების განადგურება იყო.
"ჩვენ ვზრდით ჰამასზე ზეწოლას ყოველდღიურად. ჯერჯერობით, ჩვენ მოვკალით ათასობით ტერორისტი, როგორც მიწის ზევით, ასევე მის ქვეშ", - განაცხადა ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო განცხადებაში.