გახარია: მოსკოვიდან თბილისში პირდაპირ რეისს ოცნება სიამაყით ხვდება, წარმატებადაც ასაღებს

დღეს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის თავზე, მისი მკვლელების ჩამოყვანისა და პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, მოსკოვიდან თბილისში შესრულდა პირდაპირი რეისი, რომელსაც ოცნება სიამაყით ხვდება და ამას საკუთარ წარმატებადაც ასაღებს.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ ხალხის მიერ არჩეული ქვეყნის განვითარების ვექტორის შეცვლას ეცდება და პასუხისმგებლობას დაემალება, ცდება. პასუხისმგებლობა იქნება პერსონიფიცირებული და ეს ეხება ყველას და უპირველეს ყოვლისა დამალულ ივანიშვილს, რომელიც თავისი მარიონეტებით ამ პროცესს მართავს.

ქართველი ხალხი აუცილებლად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, მშვიდობას და ევროპულ მომავალს.

სოციალურ ქსელში წერს პარტია საქართველოსთვის ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია.

დღეს რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ეს მოსკოვიდან პირველი რეისია. პარალელურად აეროპორტთან საპროტესტო აქციაც გაიმართა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები აღადგინა.

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.