გახარია: ჩვენი გუნდის ათეულობით წარმომადგენელია დაკავებული, ზოგს ჯერ კიდევ ვერ ვპოულობთ

გახარია: ჩვენი გუნდის ათეულობით წარმომადგენელია დაკავებული, ზოგს ჯერ კიდევ ვერ ვპოულობთ

პარტია გახარია - საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ საპროტესტო აქციაზე დაზარალებულ ადამიანებს თანადგომა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მისი გუნდის ათეულობით წარმომადგენელი უკანონოდ დაკავებული. მისივე თქმით, ზოგს ჯერ კიდევ ვერ პოულობენ.

ამასთან, გახარიამ სახალხო დამცველზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს სამარცხვინო სახალხო დამცველი ჰყავს, რომელიც არაფერს აკეთებს.

"ჩვენი გუნდის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი უკანონო თავდასხმების შედეგად უკანონოდ არის დაკავებული, ზოგ ჯერ კიდევ ვერ ვპოულობთ, სად და რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილები, ამასაც ვერ ვიგებთ და სახალხო დამცველი არაფერს არ აკეთებს. დრო და ადგილი დაუთმო პრემიერს ელაპარაკა ტყუილების მთელი კასკადი, არაპროვოცირებულ ადამიანებს ესხმოდნენ ნიღბიანი პოლიციელები თავს, შეიძლება არც იყვნენ პოლიციელები. ჩვენს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს ლევან თორიას, როდესაც ის აქციას ტოვებდა ათობით ნიღბიანი პოლიციელი, შეიძლება არც იყვნენ პოლიციელები, თავს დაესხა და ეს ადამიანი ჩვენ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვიპოვეთ.

ყველა ადამიანი, რომლებმაც გუშინ ეს აქცია გამოიარეს და მსხვერპლი გახდნენ ძალადობის, მე თანადგომას ვუცხადებ და თითოეული მოქალაქის ვალდებულებად უნდა ვთქვა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ და უსამართლოდ არიან დაკავებულები ჩვენ გვერდში უნდა დავუდგეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ჯანმრთელობისა და გათავისუფლებისთვის", - განაცხადა გახარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 29-30 ნოემბრის აქციის დარბევისას 107 ადამიანი დააკავეს.

მთელი ღამის განმავლობაში პოლიცია და ე.წ. რობოკოპები მოქალაქეებს სასტიკად უსწორდებოდნენ. გამთენიისას სპეცრაზმმა აქცია ძალის გამოყენებით, სასტიკად დაშალა. სპეცრაზმმა ალყაში მოაქციეს მოქალაქეები. დაკავებების პარალელურად ვრცელდებოდა აქციის მონაწილეების ცემის ვიდეოები.