
პარტია გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია ამბობს, რომ ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის ემზადებიან და არ გამორიცხავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, თუმცა ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის დღეს მზად არ არის.
ეს განცხადება მან ტვ პირველის ეთერში, გადაცემა რეაქციაში გააკეთა.
"მე ვამბობ ერთ რამეს - ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის. იმიტომ რომ, შენ თუ ხარ პოლიტიკური პარტია, ყოველთვის მზად უნდა იყო არჩევნებისთვის, ჩვენ ასე ვმოქმედებთ. [...]
მე ახლა თქვენ დაგიდასტურეთ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც თუ ჩატარდა ერთად, გასაგებია, თუ ჩატარდა ცალ-ცალკე, გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ, როცა მივიღებთ და არავის საქმე არ არის ეს. რა თქმა უნდა [ვემზადებით არჩევნებისთვის]. [კატეგორიულ უარს მონაწილეობაზე] რა თქმა უნდა, არ გეუბნებით. მე გეუბნებით, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ, შეიძლება არ მივიღოთ, მე არ ვარ მზად ამ გადაწყვეტილებისთვის დღეს", - ამბობს გიორგი გახარია.
დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, მიიღებს თუ არა მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას, ის პასუხობს:
"ჩვენ ახლა ვემზადებით საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთად, ოქტომბერში. [...] რომ არ დაინიშნება, მერე გადავწყვეტთ, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას", - ამბობს გიორგი გახარია.
მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე "კატეგორიულ უარს არ ამბობს".
"რა თქმა უნდა, არ ვამბობ. კიდევ ვიმეორებ და გიდასტურებთ, რომ კატეგორიულად უარს არ ვამბობ და ვერავინ მათქმევინებს, იმიტომ რომ ეს ჩემი და ჩვენი ამომრჩევლების გადასაწყვეტია და ვერანაირი წნეხი მარჯვნიდან, მარცხნიდან, ახლა სახელებს არ დავასახელებ, რომლებიც სხედან და რაღაცაზე ოცნებობენ... მე ყოველთვის ვამბობ იმას, რისი გადათქმაც შემდგომ ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე", - ამბობს გიორგი გახარია.