პოლიტიკურმა გაერთიანებამ ძლიერი საქართველო, რომელშიც საარჩევნოდ პარტია ლელო საქართველოსთვის, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის და პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი გაერთიანდნენ, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.
კამპანიის გახსნის ღონისძიებიდან ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური გაერთიანების მთავარი სლოგანი - "რეალური ალტერნატივა" იქნება, საარჩევნო ნომერი კი - 9.
ღონისძიებაზე ლიდერებმა თქვეს, რომ საქართველოს მასშტაბით კამპანიას იწყებენ, რომლის ფარგლებშიც ამომრჩევლებს ხედვას გააცნობენ.
ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, პოლიტიკური მოძრაობის ხედვას საზოგადოებას 10 დღეში გააცნობენ.
"ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი სამუშაო ადგილებით, მაღალი ანაზღაურებით და სერიოზული პერსპექტივით, სადაც თითოეული ადამიანი ამ პროცესის თანამონაწილედ იგრძნობს თავს.
თუ გჯერათ, რომ ამ ქვეყანაში დაცული იქნება ბავშვების უფლებები, არ იქნება შიმშილი ბავშვებში, დაცული იქნება პენსიონერების უფლებები და გვექნება იმის განცდა, რომ ჩვენ დავიწყეთ ისეთი მშენებლობა, სადაც ჩვენი ემიგრაცია დაბრუნდება და ააშენებს ძალიან ძლიერ საქართველოს, მაშინ აუცილებლად უნდა შემოგვიერთდეთ ჩვენ.
ჩვენ ხვალიდან ვიწყებთ კამპანიას - ეს ნიშნავს, რომ შემოვივლით საქართველოს და გავაცნობთ კონკრეტულად იმ გეგმას, თუ როგორ უნდა შევიდეს საქართველო ევროკავშირში, როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ უნდა დავაფუძნოთ საქართველოში სერიოზული განათლების სისტემა, როგორ უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება ზოგადად ადამიანის მიმართ, როგორ ავაღორძინოთ სოფელი და ა.შ. და ამას გავაკეთებთ იმ პროგრამის საშუალებით, რომელსაც სულ რაღაც 10 დღეში დეტალურად გაგაცნობთ", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.