
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას 93-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 18 წინააღმდეგ წავიდა, 65-მა კი თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.
რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს: ბელარუსმა, აშშ-მა, ბურკინა-ფასომ, ბურუნდიმ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ, ჩრდილოეთ კორეამ, ეკვადორმა, ერიტრეამ, ჰაიტიმ, უნგრეთმა, ისრაელმა, მალიმ, მარშალის კუნძულებმა, ნიკარაგუამ, ნიგერიამ, პალაუმ, სუდანმა და რუსეთმა.
საქართველოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
უკრაინის და ევროპელი პარტნიორების მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი აღნიშნავს რუსეთის უკრაინაში შეჭრის სამ წელს, მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოუწოდებს, რაც უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების სრულად გასვლას ეფუძნება.
20 თებერვალს Reuters-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ ამ რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარს ამბობდა.
მოგვიანებით, 23 თებერვალს The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის ალტერნატიულ ვერსიის, რომელიც აშშ-მა მოამზადა, ერთადერთი თანასპონსორი ქვეყანა საქართველოა.
ამერიკის მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ რეზოლუციაში კი არ არის ნახსენები, ვინ დაიწყო ომი, და არ შეიცავს კონკრეტულ მოთხოვნებს კრემლის მიმართ.