საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) შეშფოთებას გამოთქვამს "საგადასახადო კოდექსში" თამბაქოზე აქციზის გადასახადთან დაკავშირებით შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტში 2024 წლის 4 მარტს დაინიცირდა.
გაერო-ში აცხადებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი თამბაქოს გარკვეული სახის პროდუქტებზე აქციზის გადასახადის შემცირებას ისახავს მიზნად და აღნიშნავენ, რომ თამბაქოს კონტროლის სფეროში ეს ცვლილება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ასევე, აღნიშნულია, რომ ეს ცვლილება ზიანს მიაყენებს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, ქვეყნის ეკონომიკას და მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრიის ბიზნეს ინტერესებს ემსახურება.
გაეროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 2017-19 წლებში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის მიუხედავად, საქართველოში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, ამ მდგომარეობის გამოსწორება კი გაეროს შეფასებით, თამბაქოს კონტროლის ყოვლისმომცველი და ეფექტური პოლიტიკის გრძელვადიან განხორციელებას მოითხოვს.
გაერო მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, საგადასახადო კოდექსში ინიცირებული ცვლილება არ დაამტკიცოს და, შემცირების ნაცვლად, გადასახადები თანაბრად გაზარდოს თამბაქოს ყველა ნაწარმზე.
4 მარტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაინიცირდა ცვლილება კანონპროექტში, რომლის თანახმადაც საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილება და თამბაქოს ნაწარმზე აქციზის შემცირებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, აქციზის განაკვეთი 60 ლარიდან 30 ლარამდე მცირდება თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, "ჰომოგენიზებული" ან "აღდგენილი" თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და საგადასახადო კოდექსის 2403 19 (“დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე.
ინიციატორების აზრით, კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი წარმოების დაცვა, არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირება, სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდა და ადგილობრივი გადამამუშავებელი ინდუსტრიის განვითარების სტიმულირება.
აღნიშნული ცვლილებებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, წლიურად შემცირდება დაახლოებით 24 965 047.2 ლარით. თუმცა, დეპუტატების აზრით, აქციზის განაკვეთის შემცირებით გამოწვეული საბიუჯეტო შემოსავლების დანაკარგის კომპენსირება ბაზარზე არალეგალური სიგარეტის ლეგალურით ჩანაცვლებისა და შედეგად გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების ფონზე მოხდება.
დამტკიცების შემთხვევაში, კანონპროექტი ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საგადასახდო წელი 1 იანვრიდან იწყება.
ინიციატივის ავტორები - დავით სონღულაშვილი, ბეჟან წაქაძე, გოჩა ენუქიძე და ელგუჯა გოცირიძე არიან.