ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ რეპროდუქცია უნდა იყოს მხოლოდ უანგარო და არც დონაცია და არც სუროგაცია არ შეიძლება, ანაზღაურებადი იყოს.
"მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია ძალიან სწრაფად განვითარდა და თან იმგვარად, რომ რეგულირება არ მოჰყვა, რაც ძალიან სარისკოა. ეს სერვისი, დანერგვის ადრეული ეტაპებიდან, მედიცინაში, ყველაზე კომერციალიზებულ მიმართულებად იქცა. მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია უნდა იყოს მხოლოდ უანგარო. კომერციული ინტერესის შემთხვევაში, არსებობს ადამიანის უფლებების დარღვევის, მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენისა და სხვა ბევრი რისკი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
მისი თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში სუროგაცია, სხვა ფაქტორებთან ერთად, რეგულაციების არ არსებობის გამო აღმოჩნდა მიმზიდველი, მაშინ, როდესაც, მისი თქმით, ევროპის ბევრი ქვეყანა სუროგაციას საერთოდ კრძალავს.
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოს ევროასოცირების შეთანხმებით აქვს "პირდაპირი ვალდებულება, რომ დარგი იყოს რეგულირებული" და რეგულაციების არარსებობის პირობებში "ძალიან დიდი რისკები ჩნდება, როგორც ეთიკური, ისე - სამართლებრივი და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კუთხით".
"დღეს, სოციალურ ქსელში, უამრავ პოსტს ვნახავთ, რომ სუროგატის მომსახურებაში გადაიხდიან, მაგალითად, 25 000$-ს. არც დონაცია და არც სუროგაცია არ შეიძლება, ანაზღაურებადი იყოს. გარდა ამისა, დაწესებულებები დაექვემდებარება ლიცენზირებას, შესაბამისი სერვისის მიწოდებისთვის. მოწესრიგდება კლინიკური საკითხებიც. ცალსახად აიკრძალება რეკლამა, სამინისტრო იღებს ცენტრალური მაკოორდინებელი ორგანოს ფუნქციას, რომ ინფორმაცია მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სერვისების შესახებ გავრცელდება სამინისტროს მიერ" - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სუროგაციის შავ ბაზარზე გადანაცვლების რისკის თავიდან არიდებისთვის საჭიროა, მკაცრი სასჯელი, თუ ეს არალეგალურ სახეს მიიღებს.
"სახელმწიფო, რეგულირების გაუმჯობესებით, ხარისხის უზრუნველყოფით და მთელი რიგი, მეტად ეთიკურად გამართული პრაქტიკის განვითარებით, საქართველოს მეტ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, აღნიშნული სერვისი უსაფრთხოდ მიიღოს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
12 ივნისს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სუროგაციის შესახებ კანონი 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვისაც დონორობა სურს, "უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე" უნდა მოქმედებდეს.