გაბაშვილი: წულუკიანის "კომისიიდან" დაბარების ზარი მივიღე, ამ კლოუნებთან მისვლას არ ვაპირებ

გაბაშვილი: წულუკიანის "კომისიიდან" დაბარების ზარი მივიღე, ამ კლოუნებთან მისვლას არ ვაპირებ

პარლამენტის ყოფილი წევრი გოკა გაბაშვილი წერს, რომ ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილ წინა ხელისუფლების "საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაში" დაიბარეს.

"წულუკიანის "კომისიიდან" ოფიციალური დაბარების ზარი მივიღე. 29-ში გამოცხადდი და 2008 წლის ომზე ჩვენება მოგვეციო.

ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633 იგულისხმება, როგორც ჩანს. საქართველოს ყველაზე სერიოზული წარმატება ასამბლეაში. რეზოლუცია ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით იქნა მიღებული. რუსებმა და კომუნისტებმა მაშინ დარბაზი დატოვეს პროტესტის ნიშნად.

ეგ რუსები და ბოლშევიკები დღეს საქართველოს პარლამენტში უკანონოდ ჩასახლდნენ და "კომისია" მოაწყვეს.

რა თქმა უნდა, ამ კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ. ისედაც ყველამ იცის მათი ცირკის დირექტორის ვინაობა", - წერს ის Facebook-ზე.

ქართული ოცნების პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სხდომაზე ასევე დაბარებულები არიან - პაატა დავითაია, მიხეილ ქარელი, გრიგოლ ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი და ზურაბ ნოღაიდელი.

განსახილველი საკითხი - 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომია.

წინა ხელისუფლების "საქმიანობის შემსწავლელი" კომისიის სხდომა დღესაც გაიმართა. მასზე დაბარებულები იყვნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. გამოუცხადებლობის გამო, მამუკა ხაზარაძის მასალები პროკურატურას გადაეცემა.

კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის თქმით, სამდივნომ ხაზარაძეს რამდენიმე დღის წინ ტელეფონით აცნობა კომისიის სხდომაზე გამოცხადების საჭიროება და განსახილველი საკითხი. მისი თქმით, ხაზარაძემ ეს ფაქტი გაიკვირვა და წერილობითი შეტყობინების გაგზავნა მოითხოვა.

წულუკიანის განცხადებით, სამდივნომ ხაზარაძეს ინფორმაცია წერილობითაც გაუგზავნა "ვათსაფისა" და "სიგნალის" მეშვეობით, სადაც აღნიშნული იყო, რომ კომისია მას შპს "მაგნატის" საქმეზე გამოკითხვას ითხოვდა.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მას საგამოძიებო კომისია სთავაზობს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე გამოცხადდეს კომისიაზე და კითხვებს უპასუხოს. აღნიშნული შეთავაზების შესახებ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა ჯარიმით ან ერთწლიანი თავისუფლების აღკვეთით ისჯება.