ევროსაბჭომ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო - ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება

ევროსაბჭომ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო - ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება

დღეს, 29 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობას ითვალისწინებს.

კენჭისყრის მიხედვით, აღნიშნულ რეზოლუციას 114 მომხრე და 13 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

ამასთან, რეზოლუციის მიხედვით, გარკვეული შეზღუდვები ქართული ოცნების დელეგაციისთვის არის განსაზღვრული. კერძოდ, პოლიციის სისასტიკისა და ადამიანის უფლებების სხვადასხვა დარღვევების დაგმობის აშკარა ნიშნად, რასაც ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან აქამდე რეაქცია არ მოჰყოლია, ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებას, რომ ქართული დელეგაციის წევრებს შეუჩეროს კომიტეტების სრულუფლებიანი წევრობისა ან მოადგილეობის უფლება.

კომიტეტის დასკვნის თანახმად, ევროპის საბჭომ საქართველოს დელეგაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აღიაროს, თუ აპრილამდე დაინიშნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი.

"დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი ყველა დაინტერესებული მხარისა და სოციალური სუბიექტების მონაწილეობით, მათ შორის მმართველი უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩათვლით, რათა აღმოიფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს რეალურად დემოკრატიული ახალი არჩევნების გამოცხადებას უახლოეს თვეებში", - ნათქვამია რეზოლუციაში.

ასევე, ასამბლეა ქართული ოცნების ხელისუფლებისგან ითხოვს:

  • გადადგას დაუყოვნებლივი და ეფექტური ნაბიჯები, რათა საქართველომ შეძლო განაახლოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი ხალხის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად და მნიშვნელოვნად დააჩქაროს საჭირო რეფორმები.
  • დაუყოვნებლივ დაასრულოს პოლიციის სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევა, ეფექტურად გამოიძიოს ეს პრაქტიკა და შეწყვიტოს სასამართლო პროცესების ბოროტად გამოყენება, როგორც მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების შეჩერების ან შურისძიების საშუალება და ასევე, სრულად სცეს პატივი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.
  • გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი ასამბლეის 2025 წლის აპრილის სესიამდე.