18 მარტს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში უკრაინის სამხედრო დახმარება 5 მილიარდით გაიზრდება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
"ევროკავშირი ასრულებს თავის ვალდებულებებს. უკრაინის დახმარების ფონდი ჩვენს სიტყვებს ქმედებად აქცევს. ფონდით, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ომისგან თავდაცვაში, რაც უნდა დასჭირდეს და რამდენ ხანსაც საჭირო იქნება", - თქვა ბორელმა.
ახლად შექმნილი უკრაინის დახმარების ფონდი (UAF) მომავალში ევროკავშირს საშუალებას აძლევს მხარი დაუწიროს უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარებას როგორც ლეტალური, ისე არალეტალური სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებითა და წვრთნების განხორციელებით.
განცხადების მიხედვით, ფონდის მიზანია მაქსიმალურად გაზარდოს ევროკავშირის დამატებითი ღირებულება უკრაინისთვის მეტი და უკეთესი ოპერატიული მხარდაჭერის მიწოდების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ორმხრივი ძალისხმევის შევსებისა და ევროპისა და ნორვეგიის თავდაცვის ინდუსტრიებიდან ერთობლივ შესყიდვებზე ფოკუსირების თვალსაზრისით.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ევროპის სამშვიდობო ფონდის ფინანსური ზღვარი 2021-2027 წლებისთვის 17 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.