ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს საკითხი განიხილეს და 26 ოქტომბრის არჩევნებიზე ისაუბრეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა, ასევე ხაზი გაუსვა ქართული ოცნების მიერ მიღებულ "საკამათო კანონებს" და არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს.
მაკალისტერმა ისაუბრა საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებზეც, რომლებშიც დაფიქსირებულია საარჩევნ დარღვევები და თქვა, რომ "ასეთი შეფასება ძალიან დამაზიანებელია კანდიდატი ქვეყნისთვის".
"საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა იმ დათქმით, რომ გადადგამდა ნაბიჯებს ევროკომისიის 8 ნოემბერს გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. სამწუხაროდ, ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენების ნაცვლად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რამდენიმე საკამათო კანონი, რომლთა სულისკვეთება და შინაარსი ეწინააღდეგება ევროპულ ღირებულებებს და ნორმებს.
ამის პირდაპირი შედეგია ის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაიყინა. გასული თვის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა გამოიწვია შეშფოთება ქვეყნის დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ. ევროპარლამენტმა საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო დელეგაცია გაგზავნა. ჩვენმა წევრებმა აღნიშნეს მთელი რიგი ხარვეზები, მათ შორის ხმის მიცემის ფარულობის ნაკლოვანება, ამომრჩეველთა დაშინება და ზეწოლა...
ასეთი შეფასება ძალიან დამაზიანებელია კანდიდატი ქვეყნისთვის და აჩენს მნიშვნელოვან შეკითხვებს. რა იქნება ამის შემდეგ საქართველოსთვის და რა არის მისი მომავალი ევროინტეგრაციის გზასა და ჩვენს ურთიერთობებზე?" - განაცხადა მაკალისტერმა.