ევროკომისიამ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

ევროკომისიამ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ერევანში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკომისიამ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ევროკომისიამ მიიღო ვიზების ლიბერალიზაციის შემოთავაზებული გზამკვლევი. როგორც კი პირობები დაკმაყოფილდება, პროცესი დასრულდება, რაც სომხეთსა და ევროკავშირს კიდევ უფრო დააახლოებს.

მე აქ მკაფიო გზავნილით ვარ: ევროკავშირი და სომხეთი არასდროს ყოფილან ერთმანეთთან ისე ახლოს, როგორც დღეს", - თქვა მან.

კალასის განცხადებით, მხარეებს შორის შედგა შეთანხმება ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ, რომელიც ევროკავშირისა და სომხეთის ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოებისა და მდგრადობის სფეროებში არსებულ პრიორიტეტებს ასახავს.

მან ასევე აღნიშნა, რომ მდგრადობისა და განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირი, 2024-2027 წლებში, სომხეთისთვის 270 მილიონ ევროს გამოყოფს.

"ეს მხარდაჭერა დაეხმარება ბიზნესს, გააუმჯობესებს კავშირს სომხეთსა და ევროკავშირს შორის და ხელს შეუწყობს მიმდინარე რეფორმების ძალისხმევას", - თქვა კალასმა.