
ამ წუთებში ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სამიტი მიმდინარეობს, რომელზე დასასწრებადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა.
სამიტზე უკრაინის დახმარებასა და ევროკავშირის თავდაცვას განიხილავენ.
სამიტის დაწყებამდე ევროპელ ლიდერებთან ერთად ჟურნალისტებთან საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მათ და თქვა, რომ "უკრაინა გრძნობს მათ მხარდაჭერას".
"ომის დაწყების დღიდან, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ბოლო პერიოდშიც, თქვენ ხართ ჩვენს გვერდით. მადლობელი ვართ, რომ მარტო არ ვართ. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ჩვენ ამას ვგრძნობთ. თქვენ ძლიერი სიგნალი გაუგზავნეთ უკრაინელ ხალხს და ჩვენ ვაფასებთ ამას", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სამიტის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც. მან თქავ, რომ დღეს ევროპის ლიდერებს ახლიდან წარუდგენს შეიარაღების გეგმას.
"ევროპის წინაშეა ცხადი საფრთხე და ამიტომ ევროპას უნდა შეეძლოს თავის დაცვა, ისევე როგორც უკრაინას უნდა დავეხმაროთ, რომ დაიცვას თავი, მხარი დავუჭიროთ გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას. [...]
დღეს ევროპის ლიდერებს ახლიდან წარვუდგენ შეიარაღების გეგმას. ეს გეგმა უზრუნველყოფს 800 მილიარდი ევროს ინვესტიციას თავდაცვის სფეროში", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
კომენტარი ასევე გააკეთა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და თქვა, რომ დღევანდელ საგანგებო სამიტზე ევროპის თავდაცვის გაძლიერების საკითხის გარდა, განიხილავენ, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი უკრაინის მეტად მხარდასაჭერად.
"ძალიან გვჭირდება უკრაინის გაძლიერება, რათა შეძლონ ამ ომის საკუთარი პირობებით დასრულება, ამისთვის კი მათ ევროპული მხარდაჭერა სჭირდებათ", - თქვა კაია კალასმა.