ესპანეთში მკვდარი იპოვეს რუსი მფრინავი, რომელმაც ვერტმფრენი MI-8 უკრაინაში გადაიყვანა

ესპანეთში მკვდარი იპოვეს რუსი მფრინავი, რომელმაც ვერტმფრენი MI-8 უკრაინაში გადაიყვანა

ესპანეთში გარდაცვლილი იპოვეს რუსი მფრინავი, რომელმაც ვერტმფრენი MI-8 უკრაინის აეროდრომზე დასვა. ინფორმაცია მაქსიმ კუზმინოვის გარდაცვალების შესახებ ჯერ კიდევ 14 თებერვალს გავრცელდა, თუმცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ მხოლოდ ახლა დაადასტურა.

"შეგვიძლია სიკვდილის ფაქტი დავადასტუროთ", - განაცხადა დაზვერვის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა და სიკვდილის მიზეზი არ დააზუსტა.

14 თებერვალს ესპანურმა გამოცემა ABC-მ დაწერა, რომ ქალაქ ვილიახოიოსაში უკრაინის 33 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს, რომელსაც რამდენიმე ცეცხლსასროლი ჭრილობა ჰქონდა. მოკლული გვარი დასახელებული არ იყო. გარდა ამისა, იმის შესახებ, რომ კუზმინოვი მოკლეს, იტალიურმა პრორუსულმა Il Corrispondente-მ დაწერა, რომელმაც მფრინავს "რუსეთის მოღალატე" უწოდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიებმა და ტელეგრამარხებმა აიტაცეს.

ამასთან, The Insider წერს, რომ პირველმა, ვინც რუსეთში დაწერა, რომ მოკლული შესაძლოა კუზმინოვი იყოს, TASS იყო და ისიც მხოლოდ 19 თებერვალს, რამდენიმე ესპანურ მედიაზე დაყრდნობით. თუმცა რეალურად ესპანურ გამოცემებს კუზმინოვის შესახებ არაფერი დაუწერიათ და კრემლისტური ტელეგრამი არხი ავრცელებდა ინფორმაციას.

რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა კომენტარისთვის ესპანეთის სამოქალაქო გვარდიას მიმართა, რომელიც საქმეს იძიებს. როგორც მათ განუცხადეს, გამოძიების თანახმად აღმოჩნდა, რომ მოკლულის საბუთები შესაძლოა ყალბი იყოს და რეალურად მას სხვა ვინაობა ჰქონდეს.

მფრინავმა მაქსიმ კუზმინოვმა 2023 წლის აგვისტოში რუსული ვერტმფრენი MI-8 გაიტაცა და უკრაინაში აეროდრომზე დასვა. კუზმინოვი უკრაინის დაზვერვის ვიდეოში ამბობს, რომ თვითონ დაუკავშირდა უკრაინულ მხარეს, რადგან ომში მონაწილეობა არ სურდა. მოგვიანებით კუზმინოვმა ასევე თქვა, რომ მან ეკიპაჟის სხვა წევრებს სთხოვა დანებება, მაგრამ მათ "ცოტა აგრესიულად დაიწყეს ქცევა" და ისინი მოკლეს.

იმავე წლის ოქტომბერში, პროსახელისუფლებო არხ როსია 1-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იპოვიდნენ კუზმინოვს, "დასჯიდნენ კანონის სრული სიმკაცრით“ და ის "სასამართლომდე ვერ მიაღწევდა".