გუშინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი ამ დრომდე პატიმრობაშია.
ჟურნალისტი და ალექსი პეტრიაშვილის ცოლი, ეკა მიშველაძე აცხადებს, რომ მისი ქმარი გამიზნულად დააკავეს. მიშველაძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი.
"ეს იყო გამიზნულად გაკეთებული. ეს იყო გზავნილი ყველასთვის, ჩვენთვისაც, იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ უნდათ, რომ ამ ქვეყანაში იყოს რუსეთი და ამ ქვეყანაში არავითარ შემთხვევაში არ იქნება რუსეთი. იმიტომ, რომ ბრძოლა გაგრძელდება კიდევ უფრო მეტი შემართებით. არავინ არ დაუშვებს იმას, რაც არ უნდა დაგვიჭირონ და მოიქცნენ ვანდალურად, როგორც იქცევიან. ეს კადრები, თუ როგორ აათრიეს ამხელა კაცი ამდენმა პოლიციელმა ბუჩქებში, ეს არის ვანდალიზმი, მეტი ამას არაფერი არ ჰქვია. რუსი პოლიციელები იქცევიან ასე და მათ საუკეთესო ტრადიციებში აგრძელებენ რუსეთის მსახურებას.
გვიან ღამით გვითხრეს, რომ დიღმის იზოლატორში ჰყავთ, სადაც ამ წუთებშიც იმყოფება. ახლა გამოვიდა ადვოკატი და ჯერ არ ვიცით, სასამართლო როდის ჩაინიშნება. არც ის ვიცით, რამდეც ხანს გააჩერებენ. 48 საათია მაქსიმალური დრო", - ამბობს მიშველაძე.
გუშინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პეტრიაშვილი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული.