"ეს არის ამერიკელი ხალხის ბრწყინვალე გამარჯვება" - ტრამპმა მხარდამჭერებს მიმართა

"ეს არის ამერიკელი ხალხის ბრწყინვალე გამარჯვება" - ტრამპმა მხარდამჭერებს მიმართა

Fox News-ის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში მხარდამჭერებს მიმართა.

შეძახილებისა და ტაშის ფონზე ტრამპი სცენაზე ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ, ჯი დეი ვენსთან, ოჯახის წევრებთან და კამპანიის წევრებთან ერთად გავიდა.

როგორც ტრამპის გამოსვლიდან ჩანს, იგი თავს უკვე მიიჩნევს გამარჯვებულად მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად კოლეგიის ხმების უმრავლესობა ჯერ არ არ მოუპოვებია.

"ჩვენ დავეხმარებით ჩვენს ქვეყანას გამოჯანმრთელებაში", - განაცხადა ტრამპმა და პირობა დადო, რომ "გამოასწორებს" საზღვრებს.

"ეს არის ამერიკელი ხალხის ბრწყინვალე გამარჯვება, რომელიც საშუალებას მოგვცემს ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ. [...] ამერიკამ მოგვცა უპრეცედენტო და ძლიერი მანდატი", - თქვა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა მადლობა გადაუხადა ოჯახს და თავის ცოლს მელანიას, რომელიც პირველ ლედიდ მოიხსენია.

შემდეგ მან ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ჯი დე ვენსს მიმართა. სიტყვით გამოსვლისას ვენსმა ტრამპის კამპანიას "ყველაზე დიდი პოლიტიკური დაბრუნება" უწოდა.

არჩევნებში გამარჯვებისთვის კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმაა საჭირო. სხვადასხვა ამერიკული მედიის მონაცემებით, ტრამპი აუცილებელთან ზღვართან ძალიან ახლოსაა.

წლევანდელ არჩევნებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ე.წ. მერყევ შტატებს, განსაკუთრებით კი პენსილვანიას, რომელსაც კოლეგიაში 19 ხმა აქვს. ამერიკული მედიის მონაცემებით, რესპუბლიკელმა კანდიდატმა პენსილვანიის, ჯორჯიისა და ჩრდილოეთ კაროლინას ე.წ. მერყევ შტატებში გაიმარჯვა, დანარჩენ 4-ში კი ლიდერობს.

დემოკრატი კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი დღეს ამომრჩეველს არ მიმართავდა. ანალიტიკოსების აზრით, ჰარისის ეს ნაბიჯი ადასტურებს, რომ ვიცე-პრეზიდენტი დამარცხებას აღიარებს.