ერაყში სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის აღმოსავლეთ ქალაქ ალ-ქუთში მდებარე ჰიპერმარკეტში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ჯანდაცვის უწყებებსა და ორ პოლიციელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხანძარი ღამით მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრებში ჩანს, როგორ ებრძვიან მეხანძრეები ცეცხლს ხუთსართულიან შენობაში, რომელიც სრულად არის ალში გახვეული.

ალ-ქუთის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელმა სააგენტოს განუცხადა, რომ ამ დროისთვის დადასტურებულია 59 გარდაცვლილის ვინაობა, თუმცა ერთ-ერთი ცხედარი ისე მძიმედ არის დამწვარი, რომ ამოცნობა ვერ ხერხდება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, გამოძიების პირველადი შედეგები 48 საათში გასაჯაროვდება. მისივე თქმით, შენობისა და სავაჭრო ცენტრის მფლობელების წინააღმდეგ საქმეები უკვე აღძრულია.

მომხდარის შესახებ ოფიციალური გამოძიება გრძელდება.