დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი იორდანიაში ჩავიდა, სადაც შეხვედრები იორდანიის მეფე აბდულასთან და პალესტინის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან გამართა.
მაჰმუდ აბასი ე.წ. დასავლეთ სანაპიროს მეთაურია და ღაზის სექტორში ჰამასის პოლიტიკურ კონკურენტად მიიჩნევა. ბლინკენთან გამართულ შეხვედრაზე მათ ისრაელში განვითარებული მოვლენები და მისი გადაჭრის გზები განიხილეს.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იორდანიის მეფეს, აბდულ II-საც შეხვდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ჰამასი არ იცავს პალესტინელი ხალხის ღირსებასა და თვითგამორკვევის უფლებას."
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ჰამასის თავდასხმები ისრაელზე და მნიშვნელოვანი ხაზი გაესვა მძევლების უვნებლად გათავისუფლებასა და კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილებას.
"პოლიტიკოსებმა განიხილეს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილების გზები, სანამ ისრაელი ატარებს ლეგიტიმურ უსაფრთხოების ოპერაციებს ტერორიზმისგან თავის დასაცავად“, - თქვა დეპარტამენტის სპიკერმა, მეტ მილერმა.