ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემის "კლანის" გაკეთილშობილების ყოველგვარ მცდელობას კატეგორიულად ემიჯნებიან. ამის შესახებ პარტია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
"მურუსიძის კლანი სანქცირებული, ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან გასული და მორალურად გაკოტრებულია. არცერთი დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა კლანის გავლენის განმტკიცებას, არ წარმოადგენს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ მათთან ფრაქციულ და სხვა პოლიტიკურ ფორმატებში თანამშრომლობა გვაკავშირებდა.
დღეიდან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ფრაქციულ, ისე სხვა ტიპის პოლიტიკურ თანამშრომლობას წყვეტს იმ დეპუტატებთან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დანაშაულებრივი სასამართლო კლანის გავლენის განმტკიცებას", - აცხადებენ პარტიაში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის დროს ქართული ოცნების კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია დატოვეს ნიკა მაჭუტაძემ, როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ასევე, ბაჩუკი ქარდავამ.
დღეს პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. მანამდე მმართველმა გუნდმა 5 ვაკანტურ პოზიციაზე სამი ახალი წევრის არჩევა მოახერხა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).
სწორედ მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი - 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქართული ოცნების კანდიდატებს დაუჭირა მხარი. კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.
ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დარჩენილ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არავინ შეირჩა. კენჭისყრის მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.