
ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო, პოლიტიკოს გივი თარგამაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.
ამასთან, მას 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება აეკრძალა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადება გივი თარგამაძემ საკუთარ სახლში გაიგო, რის შემდეგაც თავად წავიდა პოლიციაში.
"ახლა გადავალ, რაც ახლოს არის, ვაკის პოლიციაში და იქიდან წამიყვანენ. [განაჩენზე] რა უნდა ვიფიქროთ, რით ისაზღვრება, როგორ ისაზღვრება, საერთოდ, კაცმა არ იცის. მგონია, რომ [რუსეთის დაკვეთაა] ეს, მაქვს უფლება, რომ მეგონოს", - თქვა მან ჟურნალისტებთან.
ამავე საქმეზე 7-7 თვე უკვე მიუსაჯეს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს და ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, გიორი ვაშაძეს. 8-8 თვე კი, ძლიერი საქართველოს ლიდერებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
სავარაუდოდ, დღეს, გამოცხადდება განაჩენი კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი ლიდერის ნიკა მელიას "გამოუცხადებლობის" საქმეზეც.
ე.წ. კომისიაზე არმისვლის საქმეზე პატიმრობაში ასევე იმყოფებიან - კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი.