დუგინი: საქართველოს სჭირდება ისეთი ძლიერი მოკავშირის მხარდაჭერა, როგორიც რუსეთია

დუგინი: საქართველოს სჭირდება ისეთი ძლიერი მოკავშირის მხარდაჭერა, როგორიც რუსეთია

კრემლის პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ პროპაგანდისტულ და ჰომოფობიურ კანონპროექტს იწონებს და წერს, რომ ამით მმართველი პარტია "თანმიმდევრულად იცავს საქართველოს სუვერენიტეტს".

დუგინის მტკიცებით, ქვეყანას სჭირდება "ისეთი ძლიერი ქვეყნის მხარდაჭერა, როგორიც რუსეთია".

"პარტია ქართული ოცნება თანმიმდევრულად იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, მიუხედავად ატლანტიკოსების მცდელობისა, შეარყიოს ვითარება ქვეყანაში და მოახდინოს ხელისუფლებაზე ზეწოლა. საქართველო, სომხეთისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, რომლებთანაც ის ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს, ესმის, თუ რა მოჰყვება ჰეგემონის წესების უდავო მორჩილებას: სუბიექტურობის დაკარგვას და სრულ პოლიტიკურ დამოკიდებულებას აშშ-სა და ევროპაზე.

შესაძლოა, თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო ტალღები გაძლიერდეს და დასავლეთისთვის ეს კიდევ ერთი მიზეზი გახდეს საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუციისთვის, ამიტომ ქვეყანას სჭირდება ისეთი ძლიერი მოკავშირის მხარდაჭერა, როგორიც რუსეთია, რომელთანაც ურთიერთობა აქტიურად მიმდინარეობს და სადაც იზიარებენ ქართველი ხალხის პოზიციას ტრადიციული ფასეულობების მნიშვნელობისა და შენარჩუნების შესახებ", - წერს დუგინი.

***

ქართულმა ოცნებამ ჰომოფობიური და პროპაგანდისტური კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტი 19 კანონისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს.

პაპუაშვილის თქმით, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ამ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ და მიიღებენ, ხოლო საშემოდგომო სესიაზე მესამე მოსმენით.

კანონის მიღების შემთხვევაში, ცვლილებები შევა სხვადასხვა კანონში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.