აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშაბათს ნიუ-იორკში სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს. 76 წლის ტრამპი აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
ისტორიული პროცესი ეხება გაჩუმებისთვის გადახდილ თანხას, რომელიც 2016 წლის არჩევნებამდე პორნოვარსკვლავს გადაუხადეს, რომელიც ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპთან წარსულში სექსი ჰქონდა. კერძოდ საუბარია, რომ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა ყოფილ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელს 130 ათასი დოლარი გადაურიცხა. ტრამპი ყველა ბრალდებას და დენიელსთან რაიმე კავშირს უარყოფს.
შეთანხმებები საიდუმლო გადახდების შესახებ არალეგალური არაა, თუმცა მანჰეტენის პროკურორი იძიებს, გადახდასთან დაკავშირებული საქმიანი ჩანაწერები ხომ არ იყო ფალსიფიცირებული.
ოფიციალური პირები მანჰეტენზე აქციებსა და არეულობას ელოდებიან, ამიტომაც გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
"კუდიანებზე ნადირობა", - დაწერა ყოფილმა პრეზიდენტმა თავის პლატფორმა Truth Social-ზე. ორშაბათს ტრამპი ფლორიდიდან ნიუ-იორკში ჩავიდა, რასაც პირდაპირ ეთერში ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს.
ბრალდებები სრულად გახდება ცნობილი სხდომაზე, რომელიც ადგილობრივი დროით სამშაბათს 14:15 საათზეა ჩანიშნული. ადვოკატების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
მოსალოდნელია, რომ ჯერ ტრამპი, სავარაუდოდ, მანჰეტენის ოლქის პროკურორის ელვინ ბრაგის ოფისში ჩაბარდება. შემდეგ კი სასამართლოს წინაშე წარდგება, სადაც ბრალდებას წაიკითხავენ და ის საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. როგორც ადვოკატები ამბობენ, ტრამპს ბორკილებში არ ვიხილავთ.
მედიის წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ მოსამართლე ხუან მერჩანს სასამართლოს დარბაზში კამერები დაეშვა, რის წინააღმდეგაც ადვოკატები გამოდიოდნენ. თუმცა ორშაბათს საღამოს, მოსამართლე მერჩანმა გადაწყვიტა, რომ რამდენიმე ფოტოგრაფს საშუალება ექნება პროცესის ოფიციალურად დაწყებამდე რამდენიმე ფოტო გადაიღოს.
სავარაუდოდ, დონალდ ტრამპს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ, რის შემდეგაც ის ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს სახლში დაბრუნდება.