
დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო დომინგოში ღამის კლუბ Jet Set-ის ჭერის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 124-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 150-ს აჭარბებს, აცხადებენ ოფიციალური პირები.
ტრაგედია სამშაბათს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე მოხდა. ასეულობით ადამიანი იმყოფებოდა კლუბში მომღერალ რუბი პერესის კონცერტზე. შემთხვევის დროს დაიღუპნენ პერესი, MLB-ის ყოფილი ვარსკვლავები ოქტავიო დოტელი და ტონი ბლანკო, ასევე ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ დაღუპულთა შორის ერთ-ერთი აშშ-ის მოქალაქეა. მან განაცხადა, რომ აშშ მზადაა დაეხმაროს დომინიკის რესპუბლიკას ამ მძიმე ვითარებაში.
სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. გადარჩენილთა შორისაა მომღერლის ქალიშვილი ზულინკა პერესი, რომელიც მამისთან ერთად სცენაზე იმყოფებოდა და მეუღლის დახმარებით მოახერხა გადარჩენა.
შემთხვევის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ნგრევის ზონაში კიდევ რჩებიან ადამიანები, და მათ ამოსაყვანად რამდენიმე საათი აქვთ დარჩენილი.