დიდმა ბრიტანეთმა სანქციები რუსეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და კიდევ 13 მოქალაქეს დაუწესა.
კერძოდ, საუბარია რუსეთის კულტურის მინისტრ ოლგა ლიუბიმოვაზე, განათლების მინისტრ სერგეი კრავცოვსა და კიდევ რამდენიმე პირზე, რომლებიც ხელს უწყობდნენ უკრაინელი ბავშვების "იძულებით დეპორტაციასა და ხელახლა აღზრდას".
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაწესებულია 14 ახალი სანქცია "რუსების მიერ უკრაინული იდენტობის განადგურების" საპასუხოდ. სანქცირებულ პირებს გაეყინებათ აქტივები და დაუწესდებათ შეზღუდვები მოგზაურობაზე.
"ბავშვთა იძულებითი დეპორტაციის შემზარავი პროგრამითა და მისი ლაქიების მიერ წარმოებული ბინძური, სიძულვილით სავსე პროპაგანდიდან ნათლად ჩანს პუტინის რეალური განზრახვა - გააქროს უკრაინა მსოფლიო რუკიდან.
დღევანდელი სანქციები შეეხება იმათ, ვინც მხარს უჭერს პუტინის რეჟიმს. პირებს, რომლებსაც სურთ უკრაინის, მისი ეროვნულ იდენტობისა და მომავლის განადგურება", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლერლიმ.
Reuters-ის ცნობით, რუსეთის საელჩომ ბრიტანეთში ახალი სანქციები "სამართლებრივად ბათილად და კატეგორიულად მიუღებლად" შეაფასა.
გასულ თვეს ამავე საკითხზე რუსეთს სანქციები ევროკავშირმაც დაუწესა. კერძოდ სანქციები შეეხებოდა მათ, ვინც "უკრაინელი ბავშვებისა და უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის ძარცვაზე" არიან პასუხისმგებლები.
თვის დასაწყისში რუსეთმა განაცხადა, რომ უკრინაიდან საკუთარ ტერიტორიაზე "დაცვის მიზნით" დაახლოებით 700 000 ბავშვი გადაიყვანა.
როგორც ცნობილია, უკრაინამ ზოგიერთი მათგანის დაბრუნება მოახერხა, მაგრამ როგორც კიევი იტყობინება, ბევრი მათგანი მშობლების ან უკრაინის ხელისუფლების ნებართვის გარეშე, არალეგალურად დეპორტირებულად ითვლება.