საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, საელჩო და მისი თანამშრომელი აშშ-ის FARA-ს დოკუმენტებში იმიტომ იყო ნახსენები, რომ მას ლობისტმა დაურეკა და მან უბრალოდ ტელეფონს უპასუხა.
დეგნანის თქმით, ტელეფონზე პასუხი არ ნიშნავს, რომ ის რაიმეს გაკეთებას დათანხმდა.
ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩო და მისი არცერთი თანამშრომელი მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობაში ჩართული არ ყოფილა.
"ჩვენ ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ - თბილისში აშშ-ის საელჩოდან არავინ ყოფილა ჩართული ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობაში. საელჩო ნახსენები იყო დოკუმენტებში იმიტომ, რომ ლობისტმა დაურეკა ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს. საკუთარ ტელეფონზე პასუხი არანაირად არ ნიშნავს რაიმეს გაკეთებაზე თანხმობას. ეს ტელეფონზე პასუხის გარდა არაფერს ნიშნავს და ჩვენ ძალიან, ძალიან მკაფიოდ ვთქვით ეს - თბილისში, აშშ-ის საელჩოში არავინ ყოფილა ჩართული პრეზიდენტი სააკაშვილის სასარგებლოდ ლობიზმში. წერტილი. ასე მარტივადაა საქმე." - განაცხადა კელი დეგნანმა.
26 ივლისს აშშ-ის საელჩო საქართველოში გამოეხმაურა სამთავრობო მედიების მიერ ლობიზმთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და განაცხადა, რომ საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში.
საელჩო ამ ინფორმაციას "მავნებლურს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეშფოთება გამოითქვა.
საუბარია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ (FARA-ს) დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ, ბოლო დღეებში ქართული ოცნების წევრებისა და სახელისუფლებო მედიების მხრიდან ბრალდებებზე, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი იყო ჩართული.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის ვედანტ პატელის თქმით, საქართველოში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში.
27 ივლისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომ საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში, "არ არის საკმარისი" და "საზოგადოებას სერიოზული კითხვები რჩება".