დასავლელი ლიდერები ჰამასის დაჯგუფების მიერ ისრაელზე თავდასხმას გმობენ და აცხადებენ, რომ ისრაელს თავის დაცვის სრული უფლება აქვს.
შეტაკებებს გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და მომხდარზე შეშფოთება გამოხატა - მისი თქმით, ტერორიზმი და ძალადობა არაფერს წყვეტს.
"შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ისრაელიდან მოსულ ამბებს. ჩვენ ცალსახად ვგმობთ ჰამასის თავდასხმებს. ეს საშინელი ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ტერორიზმი და ძალადობა არაფერს წყვეტს. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში", - დაწერა ბორელმა.
ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკიც და თქვა, რომ ჰამასის ტერორისტების მიერ ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ დაწყებული თავდასხმით შოკირებულია.
"ისრაელს თავდაცვის ყოველგვარი უფლება აქვს. ჩვენ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ისრაელის ხელისუფლებასთან და ისრაელში ბრიტანეთის მოქალაქეებმა სამგზავრო ინსტრუქციები უნდა დაიცვან", - წერს ის.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმაც ჰამასის მიერ განხორციელებულ შეტაკებებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ დაწყებული "ტერორი და ძალადობა" უწოდა და მომხდარი დაგმო.
"ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისარელის მოსახლეობას ამ საზარელ წუთებში", - დაწერა შარლ მიშელმა.
ჰამასის თავდასხმით შეშფოთება გამოხატა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამაც და Twitter-ზე დაწერა, რომ "ტერორი არასდროს გაიმარჯვებს".
მიმდინარე შეტაკებებს Twitter-ზე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც და ამას "ტერორისტულ თავდასხმას" უწოდებს:
"მკაცრად ვგმობ მიმდინარე ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ. ჩემს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ მსხვერპლებს, მათ ოჯახებსა და ძვირფას ადამიანებს".
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტაც დღეს, გამთენიისას გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო - ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5000 რაკეტა ისროლეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელი ამ "ომს მოიგებს".
ისრაელის საგანგებო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, 500-ზე მეტი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.