საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დასწრებას ელჩების კონფერენციაზე ფორმატი არ ითვალისწინებდა.
"წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ - საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მოწვევას, შარშან საქართველოს პრეზიდენტი მოწვეული იყო. სამწუხაროდ, მან, მისი გადაწყვეტილებით არ მიიღო მონაწილეობა ელჩების კონფერენციაში.
თუმცა დღევანდელ კონფერენციას, ფორმატი ჰქონდა შემდეგი, იმის გათვალისწინებით, რომ მთელი წლის განმავლობაში, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება - მთავარი და საპარლამენტო განზომილება, ორი მთავარი ხელისუფლების შტო, მუშაობდა ამ კონკრეტული შედეგის მისაღწევად, სწორედ ამ ლოგიკით იყო ეს ფორმატი აწყობილი", - თქვა დარჩიაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26-28 დეკემბერს დაგეგმილ ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოწვევა არ მიუღია.
ელჩების კონფერენცია დღეს გაიხსნა, რომელზეც საქართველოს პრემიერინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდნენ. კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ესწრებოდნენ, მათ შორის დისტანციურად ჩაერთო ევროკომისარი ოლივარ ვარჰეიც.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას გასულ წელსაც არ დაესწრო, რადგან მას პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილი არ დაუთმეს.