უფლებამოსილების გადამეტებისა და ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ყოფილი პოლიციელები, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი და ამირან ნაჭყებია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარე ყველაზე მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას ითხოვდა, რადგან, როგორც განმარტავს, არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
ბრალდების მხარის თქმით, მოსამართლემ მათ პოზიცია გაიზიარა და პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის განცხადებით, სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტებისა და ქრთამის აღების ბრალდებით ყოფილი პოლიციელები დღეს დააკავეს - კერძოდ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს ყოფილი უფროსი და მისი ყოფილი მოადგილე.
უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამმართველოს ყოფილმა უფროსმა მოქალაქე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაადანაშაულა ნარკოდამოკიდებულებაში, მას დაპატიმრებით დაემუქრა და ფსიქოლოგიური ძალადობის გზით 3 500 აშშ დოლარის ოდენობით ქრთამი გამოსძალა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე მოქალაქის საცხოვრებელ სახლში მივიდა, სადაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩაატარა უკანონო ჩხრეკა და ვითომდა ნივთმტკიცების სახით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქისა და მასთან ერთად მცხოვრები სხვა პირის კუთვნილი პირადი ნივთები ამოიღო, რითაც დაზარალებულებს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგათ.
სამმართველოს ყოფილ უფროსს ბრალდება ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, ხოლო ამავე სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, ასევე, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.