"დაიცავი ერთი მოქალაქის ერთი არჩევანი" - დღეს კანცელარიასთან აქცია გაიმართება

"დაიცავი ერთი მოქალაქის ერთი არჩევანი" - დღეს კანცელარიასთან აქცია გაიმართება

"დაიცავი ერთი მოქალაქის ერთი არჩევანი" - ამ სახელწოდებით დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება. აქცია 17:00 საათზე არის ჩანიშნული. მას სამოქალაქო საზოგადოების წევრები მართავენ.

ცნობილია, რომ პროტესტს ყველა პროდასავლური ოპოზიციური პარტია უერთდება. აქციის მიზანი ქართველი ემიგრანტების მხარდაჭერაა.

"დროა გამოვხატოთ სოლიდარობა ყველა იმ ქართველი ემიგრანტის მიმართ ვინც, წლების განმავლობაში ინახავდა და ინახავს სააქართველოს! დავიცვათ თითოეული მოქალაქის არჩევანი! ვიკრიბებით კვირას, 17:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან. "არჩევნებზე მონაწილეობა დაწერილი ისტორიაა", - წერია ღონისძიების ანონსში.

***

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე ხმის მისაცემად იბრძვიან. ემიგრანტები წინასაარჩევნო ბევრ სხვადასხვა პრობლემასა და ბარიერზე ჰყვებიან. ამ თემაზე უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც და კანონში არსებულ პრობლემაზე მიუთითებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტები საზღვარგარეთ, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, უფრო მეტი საარჩევნო უბნის გახსნას მოითხოვდნენ, ცესკოს განკარგულებით, უცხოეთში სულ 60 უბანი გაიხსნება - 42 ქვეყნის 53 ქალაქში. ცესკოს სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ მათ 66 000-მდე ამომრჩეველზე მიაწოდეს ინფორმაცია, თუმცა საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, სადაც საკონსულო აღრიცხვები წერია, საკონსულო აღრიცხვაზე მდგომი მოქალაქეების რიცხვი 130 000-ს აჭარბებს. დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით სასამართლოში სამი სარჩელი შევიდა, თუმცა არც ერთი არ დაკმაყოფილდა.

ამავე დროს, ემიგრანტები აღნიშნავენ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის პრობლემა აქვთ. ამის მაგალითია ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ემიგრანტები არიან და არჩევნებში ხმის მიცემას ვერ ახერხებენ.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, თუმცა დევნილთა მონაცემთა ბაზაში არ აქვთ მითითებული საქართველოში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, არ ეძლევათ ერთიან საარჩევნო სიაში მათი მონაცემების ასახვის და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამავე დროს, აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციის ადგილის შეცვლას სთხოვენ, რაც გულისხმობს იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი ფაქტობრივი მისამართი რეგისტრაციის ადგილად აღარ ჩაითვლება.