ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.
მისი თქმით, "როგორიც არ უნდა იყოს შინაარსი", ზურაბიშვილის გამოსვლას დადებითად ვერ შეაფასებს.
"ვერ მივცემ დადებით შეფასებას, როგორიც არ უნდა იყოს შინაარსი, კონსტიტუციის დარღვევით და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ნაბიჯების გადადგმას, რაოდენ ღირებულიც არ უნდა იყოს საკუთრივ მიზანი, ვითომ და რისთვისაც იღწვის.
სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს რეალური განწყობა, რომ ამ კონკრეტული ვითარებაში, საქართველოს ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციის მიმართულებით, ამ ოცნების ახდენაში, რა თქმა უნდა, ის მაგალითად, არ იტყოდა იმას, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და როდესაც სტატუსის მიღება გარდაუვალი გახდა, შემდეგ არ დაფაცურდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარი წვლილის წარმოჩენა შეძლებოდა, რომელიც არ არსებობდა. ხელის შეშლის მეტი მას არაფერი გაუკეთებია", - ამბობს სარჯველაძე.
დღეს ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის გაფართოება ეგზისტენციალური საკითხია. მისი თქმით, ევროკავშირის ინტერესებში შედის, რომ საქართველოს უსაფრთხოებისთვის რუსეთს ხელი შუშალოს, გახდეს ექსკლუზიური ძალა შავი ზღვის რეგიონში.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16 თებერვალს დაიწყო და დღეს დამთავრდება. მასში მონაწილეობას დაახლოებით 50 სახელმწიფო მეთაური იღებს.