დააკავეს ადამიანი, რომელიც თბილისის ზღვასთან დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთებს თაღლითურად დაეუფლა

დააკავეს ადამიანი, რომელიც თბილისის ზღვასთან დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთებს თაღლითურად დაეუფლა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დააკავეს ადამიანი, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთებს თაღლითურად დაეუფლა.

უწყების ინფორმაციით, მან ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად, უკანონოდ მიითვისა სამი მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო მოცულობა 3 800 კვ. მ.-ა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად, მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სამ მიწის ნაკვეთს, საერთო მოცულობით 3 800 მ2, რომლის საბაზრო ღირებულებაც 250 000 ლარს აღემატება.

დამატებით გრძელდება ღონისძიებები სხვა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის კანონიერების შესწავლისა და დამნაშავე პირთა დადგენა-მხილების მიზნით", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა 6-დან 9 წლამდე ვადით ემუქრება.